ნაფტალინის დედოფალი


გარდერობიდან იგი გამოდის.
როგორც მარაოს,აისვრის ხელებს.
მას უყვარს უჯრა ჩემი კამოდის
და შიგ დაეძებს ზამთრის ჩურჩხელებს.
ის ჩემს ბინაში დადის უაზროდ.
თავის ყოფნაში მან დამაჯერა,
მაგრამ დამალვა ბევრჯერ მოასწრო,
როს დავაპირე მისი გაჭერა.
ჩემი ოთახის მას ბინდი უყვარს.
სხვაგან ჩემსავით არ მოელიან...
უკანასკნელად მე აღარ ვწუხვარ,
რომ ჩემი ბინა ასე ბნელია!
მკვდარ დედოფლების კაბებს ატარებს.
უხდება მთვარის პირსაბურავი,
მაგრამ მადონას ნუ შეადარებს
მას ათრთოლებულ რწმენით ნურავინ.
ის ცბიერია.თუ ჩავიკეტე,
მაინც მეწვევა მაღალ სურნელით
ის ჩემს ყელსახვევს ხშირად იკეთებს
და არის ქურდი განუკურნელი.
ის მევედრება,როგორც მთხოველი:
''ო,ნაფტალინის მეუფე გახდი,
და ყალბი თოვლით მოოქროვილი
გაიზიარე შენ ჩემი ტახტი!''

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი