ოთხი პოეტის შეხვედრა ზღვასთან
ზღვა ავზნიანი იყო მღელვარე. ცისკენ მიჰქონდა ჟირაფის ყელი. კვნესდა, ღმუოდა ზღვა მოელვარე, როგორც ორსული ქალის მუცელი. აქაც ბატონობს სასტიკი ქარი. ჩვენ მედუზები გამოგვეთხოვენ. მოდის ტალღებზე შავი ლოტბარი - მღვრიე ცილინდრით მღვრიე ბეთჰოვენ. ჩვენ ზღვასთან ვზივაღტ ოთხი პოეტი. ეს თეატრია უნამდვილესი. გვართობს ტალღების მიეთ-მოეთი, გადაგვავიწყდა ჩვენი ტფილისი. ვზივართ ყველანი ჩვენ ხაფანგებით და ვიჭერთ ტალღებს, როგორც ფერიებს. ჩვენ ავმღერდებით ახალ ჰანგებით, ზღვა ახალ ლექსებს დაგვაწერინებს. მაგრამ ბუღრაობს აღარ მშვიდდება, დელფინებს ბლომად მოალოგინებს, მოსწონს ტიციანს წყალის დიდება და ზღვას პაოლო დედას აგინებს. ტალღას პეშვებით იჭერს ნიკოლო და ეშინია დინჯ ვალერიანს. ფიქრობს: ტალღებით არ ჩავიქოლოთ, მაგრამ ტალღები ტკბილად მღერიან, უცბად მოვარდა ტალღა მშიერი, კიდევ დაბნელდა ლურჯი კამარა, და იყო წუთით ზღვა ბედნიერი - მან პოეტები დაასამარა. ზღვის მსახიობნი გახდნენ ისინი, უმღერენ ახლა სოველ ბუნებას, მაგრამ მოელის მიწა – მისანი თავის შვილების გამობრუნებას.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი