პარასკევი
იზრდება, როგორც ქალწულის ხალი, სამარადისო მელანქოლია, ყველა დღეებზე უფრო მაღალი - ეს პარასკევი ჩემი ტოლია. დიდი ქალაქის თეთრ ვიტრინაში მე გამოვაფენ წაქცეულ დღეებს, ავაელვარებ თვალთა წინაშე დამბლადაცემულ იმათ სახეებს. მე ყველა რიცხვებს ერთ რიცხვის გარდა ჩავაწყობ, როგორც კარტის მფლობელი, მაგრამ მაშინებს სიკვდილის ფარდა და პარასკევი დაუნდობელი. წვიმის ხმაურში მინდა, რომ ვთვლემდე, მინდა ვიგემო ბავშვობა, კევი. მაგრამ წამებულ იესოს შემდეგ ეშაფოტივით სდგას პარასკევი. დღე ნაღვლიანი და მეწამული, რომელსაც ახლა შიშით გოდებით, მე და საწყალი ჩემი მამული ვით სახრჩობელას მოველოდებით.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი