ფანტასტიკური სურდო


ისევ ქალწულის გამახარებს კეკლუცი სურდო
და ჭიანურობს მკრთალ სახეზე ძვირფასი ცხვირი.
მისი ცხიკვება სიმღერაა და - გასაკვირი.
დიდი ხანია, ამ სიმღერის მოსმენა მსურდა.

და მოელვარე ნესტოები ხარბად ელიან
უცნობ ქვეყნების სურნელებას, მხურვალე შუქებს.
მისი თვალები სამაისო - ახლა ბნელია.
სოველ ცხვირსახოცს მე ქალწული ალბათ მაჩუქებს.

თითქოს ის სურდომ დაამძიმა,ორსულ ქალივით
მოთენთილია, ერიდება სიარულს მრავალს.
ვნების სარკეში ის მკრთალდება ბროლ-ფიქალივით,
თითქოს წინასწარ სჭვრეტდეს სასტიკ თავგადასავალს.

თეთრ ყვავილებში მოქანცული ის ათამაშებს
სპეტაკ ნესტოებს და გაჰყვება ოცნებით სურნელს...
ის აჯირითებს სხვა მინდვრებში სულს განუკურნელს -
ვერ დავეწევი აზვირთებულ სურნელთა რაშებს.

მე მისი სურდო დავიმართო,მინდა,მწყურია.
მაგრამ არ არის მიღებული ცხვირზე ამბორი.
ჩემი ოცნება, თვითონ ვიცი,- უცნაურია -
სურდოიანი მესიზმრება ქალწული შორი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი