ღამის სტუმრები
მხოლოდ მე ვნახე, როგორ სტირიან შეშინებული ღამის კუკლები, მათი გალობა გასაკვირია, - გოდება ნორჩი და ხმაუკლები. იქნება დედის ალერსი უნდათ, იქნება უნდათ, რომ იყოს დილა? მაგრამ წარსული არ დაუბრუნდათ, და სული ღამემ შავად დაჩრდილა.~ პატარა ძმები ვინ შეაგროვა, ვინ აუცრემლა თვალები იმათ? და ერთი იტყვის: „იესო მოვა, და გადამაქცევს მე ქერუბიმათ". ცალხელა კუკლა ამბობდა წყნარად: „მე დავიბრმავებ ორივე თვალებს, მეყოფა კუბო თავშესაფარად, არ მივესალმი ნათელ მწვერვალებს". სევდის პატარა ნაზი პაჟები გათენებამდე ჩემთან არიან, როს მოვა წუთი ნარიჟრაჟები, ტირილით სადღაც მიიჩქარიან...
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი