ელვა შეგფენია თმაში ..


ელვა შეგფენია თმაში,
ხმაში შეგპარვია დაღლა,
ისე მჭირდებოდი მაშინ-
როგორც არ მჭირდები ახლა.

მიაქვს მიტოვებულ ჩვენს 
გზებს სუნი გალეული საპნის,
შენთვის გამოსაგზავნ ლექსებს
ხსოვნის მეტეორი ჩხაპნის.

როგორც გატეხილი ღილი,
აწმყო დაკარგვია წარსულს,
ვითმენ ირონიულ ღიმილს,
იოდს-იარაზე წასმულს.

რაც წლებს ქარიშხლიან რიგში
მიმქრალ მაჯასავით უცემს-
ჩემი ბედისწერის წიგნში
ვეძებ ამოსახევ ფურცელს...

შორს კი, ქარიშხლებზე მაღლა,
დარჩა დატუქსული ბავშვი...
როგორც არ მჭირდები ახლა-
ისე მჭირდებოდი მაშინ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი