მადლობის ლექსი
ამ არეული და უამინდო დღეების გარდა რა მაბადია ... მადლობელი ვარ - ვინც არ დამინდო, ვინც არ დავინდე და მაპატია. ვინც ჩემს ფიქრში და ცრემლში ერია, როგორც ქალი და როგორც არტისტი; სიყვარულით რომ ვერ მოვერიე, მადლობელი ვარ იმ ღალატისთვის. ვინც მიწამლა და მიუებარა და ჩემს უაზრო ტკივილს მიება ... ვმადლობ, ვინც დაღლილ თვალს მიეფარა. ვინც გულში ჩამრჩა არითმიებად. მადლობელი ვარ - ვინც მიუვალად დარჩა და არც სხვა აღარ ეძება ... მადლობელი ვარ - ვინც მიუარა, ვინც მომეხუტა და მომეწება ... და შენც სიცოცხლევ, ხან რომ ავდები, ხან სასოების დგახარ თავდებად ... მადლობელი ვარ - მე რომ ვთავდები და სიყვარული რომ არ თავდება. რომ რაც შემეძლო, კბილით გიცავდი, (აწ არ ღირს - გრიგალს ფრთა რომ ვატოლო!) ახლა ბებერ თავს გიხრი მიწამდი - მადლობელი ვარ ჩემო ბატონო! მადლობელი ვარ შენიც უფალო, (ხატებს მირონი ისევ რაკი სდის) რომ არ დამინდე ამ სულ უბრალო სიმდიდრისა და სიღატაკისთვის
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი