ან სხვა გზით რატომ წამიყვანდა ..


ან სხვა გზით რატომ წამიყვანდა
ცხოვრების უღვთო კალამბური,
მახსოვს, ოდესღაც ცა მიყვარდა
ელვის ზიგზაგით გალამბული...

ვერ იქნა,ვერვინ მაცოდინა
არცოდნა რისი ვერ ეგება,
წლებს,
ამდენ ნატკენ-ნაცოდვილარს
წამები საით ერეკება.

(ცოტა ხნით მაინც დაგეცადათ,
რამ გადაგრიათ თქვენც-წამებო...
...სიზმრის სამეფო დამექცა და
ერთ ცხენში ვაძლევ მთელს სამეფოს)

ცუდად ამიხდა შენაპირი,
გულს არაფერი უხარია,
ახლა შავია ყველაფერი
და შავზე უფრო მწუხარეა.

ახლა ბარდივით ამიყვავდა
შიში-
ჩიტივით განაბული,
მახსოვს, ოდესღაც ცა მიყვარდა
ელვის ზიგზაგით გალამბული.

დასრულდა წვიმის მელოდია,
ცა დარჩა ღრუბლის ახალუხით...
...ერთი მელოდია მელოდება
ფიცარზე ბელტების რახარუხით...

გაცემულია გასაცემი,
აწი არარა შეიცვლება,
აღარც გზა დარჩა გასაქცევი,
აღარც
დარჩენა შეიძლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი