დღიურიდან


ვინც მოთმინების ფიალას მივსებს -
მოუთმენლობის მოთმენას მმატებს...
მე ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს,
მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს.

ეს განცვიფრებაც უკვე ძველია
და სულში ხსოვნის სიმძიმეს გარევს,
მივდივარ - სადაც არ მიმელიან,
სადაც არასდროს მიღებენ კარებს;

გაურკვეველი მიმყვება ბზარი,
გემო მარილის და მკვახე ხურმის,
ავაწრიალებ სიმშვიდეს ზარით,
მაგრამ არავინ აიღებს ყურმილს;

დრო მწარედ მიდის და სისხლს მიჩერებს -
ცალკე მიწყვია ხორცი და ძვალი,
რაც მჯერა ის რომ არ დავიჯერო,
რაც რომ არ მჯერა - ვიჯერებ ძალით.

გაცვდა ნერვი და გაცვდა ფართალი,
ვლოღნი გამხმარი ოცნების ყუას,
არავინაა რადგან მართალი -
ერთი ფასი აქვს მართალს და მტყუანს.

მე ალბათ იღბლის ღიმილზე ამცრეს,
დამაწყდა თვალი, დამძიმდა ბაგე,
ვაგებდი რადგან ფუტურო ტაძრებს,
დავბერდი ახლა და პასუხს ვაგებ.

პასუხი უნდა გზებსა და ნისლებს,
წვიმიან მაისს, თოვლსა და ფანტელს...
...და ვმღერი, თუმცა არავინ მისმენს,
მერე ტაშს ვუკრავ ცარიელ პარტერს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი