უსაზღვროებას თავის შიში აქვს ..
უსაზღვროებას თავის შიში აქვს, თავის ყინვა და თავის ცხელება; მაჯაზე ხელი არ შემიშვია თავთან ვუჯექი ამ გათენებას. მაინც რა ხდება, რატომ არ ვიცით, რა დროს გვემსხვრევა ტანზე ბეგთარი; ამ წუთებს ახლა ისე განვიცდი, როგორც რო დანის პირზე შემდგარი. ფიქრის თანხლებით მთა–მთა რონება, დღეში, ღამეში ასე ჩარჩენა; რა შეუძლია ახსნას გონებამ როგორც სამყაროს გამოსარჩლებამ. ეს სათნოება მთვარის სახიდან, ღმერთო ასეთ დროს როგორ ისესხე; ჩემს უნებურად ფარ–ხმალს დავყრი და მონობის უღელს ვიდგამ კისერზე. ჩათვლემილია ირგვლივ მიდამო, ნისლში ფეხდაფეხ შედის ლიანთხა; ციდან რო აზრი ჩამოიტანო, მიწიდან უნდა კიბე მიადგა. რაღა მეკუთვნის "მე"–ს ნაწილიდან, შენ რომ გეკუთვნი თითქმის სრულიად; ხელზე ჩიტივით მიზის სხივი და სხივსაც დამფრთხალი ჩიტის გული აქვს. მზე – საკუთარი ცეცხლით დამწვარი და ვარსკვლავები – ცეხლის მტევნები; ცასაც ამიტომ დაკრავს ნაცარის ფერი – ზოგადი თვალის შევლებით. არც დასაწყისი, არც დასასრული, დასაბამიდან ასე ულევი, სამყარო – "ძე"–ზე უფრო "ასული",– მაშასადამე მდედრი ბუნებით. საამბორებლად ხელი მიბოძე, – მგონია ბაგით სხივებს ვეხები; შიშსა და ტკივილს ვარქმევ სიცოცხლეს, მოზელილს ცრემლის მლაშე შხეფებით. ქუდებს იხდიან უკვე რკოები და შემოდგომას სალამს აძლევენ; მე ამ დღეს შენი უმანკოების გამო თამამად დავენაძლევე.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი