ყოველ საგანთა დასაბამს ..
ყოველ საგანთა დასაბამს შვენის მუსიკა თავისი: აგვიხსნის ქარი – ქარსაფარი ტყეს რო ატოკებს – აგვიხსნის. მეზღვაურული ბარბაცით ჩრდილებს იმდიდრებს ხეები; აზრის მოკრებას არ გვაცლის სიზმრული სამოთხეები: გამდგარა "გამა–მორჩილი" "გამა–ბატონის" მსახურად; გაუვარდება ქორს ჩრდილი და ქარს ქუდივით ახურავს. "საგნადქცეული ხმაურით, ახმაურებულ საგნებით" – ჩურჩულებს, ტყეს რომ ჩაუვლი – "თავს ბრმა თვალებით აგნებდა". "ორი" ვიყავით აქამდე, ახლა "მესამეც" გამოჩნდა, და ბრძოლას ვეღარ ვამთავრებ სიტყვასთან საჯილდაოსთან. იმედს დავეძებ ჩემშივე, შენც რომ გერგოს და იხარო; ხანდახან რიჟრაჟს შევჩივლებ, თვალწინ რომ ხათრად ღიმღამობს. უმწიფარობის ქაოსურ გადამწიფებას ვეჩვევი და ჩვენს სახელზე ამოსულ ყვავილებს ვკრიფავ შერჩევით.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი