ანწლი
და ტოკავს ახლაც ლერწამი ტბორთან – მესალამურე პატარა მწყემსი; ზამთარი მიდის და თითქოს მოთბა და თითქოს უფრო გნებდება ლექსიც. ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი, ქალი–ლატოსი – ისიც ასევე; "მე ვინ ვიყავი?! – იკითხავს ანწლი და მოკრძალებით თავს შეგახსენებს. ფიქრი ძახველზე და ფიქრი ბზეზე, ფერაფერაზე – ფერში ნაზავზე, ჯერ თითო–თითოდ ალაგებ ხელზე და მერე თვალში ერთად ათავსებ. იღვრება ციდან ფერადი სითხე, სითხიდან – შუქი, შუქიდან – ჩრდილი, ჯერ თითო–თითოდ ასხლტება სიმზე, ჯამდება მერე და ერთად ტირის. და შედის ჩქამი, ჩქამი და ბგერა სიტყვაში – როგორც საკუთარ სახლში; შორს – წყალში ახლაც კანკალებს თხმელა – დედინაცვლისგან დასჯილი ბავშვი. ხე–კვიპაროსი – წინარე კაცი, ქალი–ლოტოსი–ისიც ასევე; "მე ვინ ვიყავი?!" – კვლავ გკითხავს ანწლი და მოკრძალებით თავს შეგახსენებს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი