ნაცვალსახელების ჩრდილში


"ის" ყვება ამბავს, "ის" -- მესამე, ვდუმვარ და ვისმენ,
(შენგან-- მეორე, ჩემთვის--ერთით შორი და უცხო),
ხანგამოშვებით სევდა რამე ასხლტება სიმზე
და დამითქორავს საყანეებს, დარჩენილს უწყლოდ.

ხომ ვიცი, ჩემი საწუხარი თავისად უჩანს,
და ეფიცხება ჩემი ხელით დანთებულ კოცონს,
ერთის მაგიერ სამი ლანდი უხდება ქუჩას
თუ სამი კაცი ერთი კაცის ტკივილით ცოცხლობს.

იცვლება როლი, მერე "შენ"- იც დადგება ჯერი
ლანდიდან ლანდში გაბიჯების ფარული ნიჭით,
ერთდაიმავე საწუხარზე ვტირით და ვმღერით,
და მშვენობს შენად, მე რომ ჩემად გამხელა მიჭირს.

ბოლოს, როდესაც დაღალული ვბრუნდები თავთან,
(მაფრთხილებს გული, ამომჯდარი და მაჯის ფეთქვა),
დავაწყობ სიტყვის ჩემი ნებით არეულ დავთარს,
და ვიწყებ "მე"- თი მიტოვებულ საუბარს თქვენთან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი