შაშვის ჭახჭახი გულივით გიცემს
შაშვის ჭახჭახი გულივით გიცემს, მოიარს სივრცეს და მთებთან დაობს; გადამდებია ტყეების სიგრძე, მათი დუმილის ბუსუსა ხაო. გამოქცევია ნიავი ნელი, ხეობებს,ზამთრის ქარებით ავსილს, მიგიძღვის წინ და მიჰყვება ხმელი ფოთოლი-ხელის მტევანის მსგავსი. და რადგან იცი,რომ ციდან წერენ, ციდან ხატავენ სურათებს ასე,- ნაზამთრ ხარივით ახედავ სერებს და მშიერ ფერებს ზმუილით ავსებ. ხეებზე ამ დროს კვირტები სკდება თუ კლავიშებზე თითები ხტიან. ჰაერში უნდა ყური რო ებას, ჰაერში უნდა გაჩერდეს ტყვია. დაიარები ტყეებში მარტო და სხვისგან უთქმელს დაეძებ ფერებს; და ზოგჯერ ისეთ რაიმეს ნატრობ- თავად არ იცი,რას ნატრობ მერე. ასეთ დროს ფიჩხის გატეხვაც კმარა, ან რო ნიავმა გამოჰყოს ენა, ხმაურმა თავის აგხადოს ქალა და ქუხილივით დაეტყოს სმენას. სიცხეა!..მაგრამ,ჯერ ისევ თქორის, ამ დილის თქორის კვალია ნარზე; ფარფატა ჩრდილი გახურავს ქორის ჩრდილი ქუდივით გახურავს თავზე. სადღაც ფრთაშავი ყრანტალებს ყვავი, არ იყინება ამ ხმაზე სისხლი; დაბადებიდან ტუსაღი თავით, ხანდახან,როცა არტახებს იხსნი, შაშვის ჭახჭახიც გულივით გიცემს, მოიარს სივრცეს და მთებთან დაობს; გადამდებია ტყეების სიბრძნე, მათი დუმილის ბურუსა ხაო. დილის ნეგატივი ფითრდება ფარდა,ფითრდება ფარდა თუ რიბი-რაბო აფხიზლებს თვალებს. თუ გელის გარეთ სინათლის გარდა და ჩიტის გარდა,რა გელის გარეთ. იკითხავ ამინდს და მხოლოდ ამინდს და სხვას არაფერს (ჩვენში დარჩეს რო), და მყვინთავივით ამოგაქვს ტანი, ღამიდან რიჟრაჟს რომ შეაჩეჩო. გაღმა-გამოღმა -სხვადასხვა მხარე, შეკრული ცისკრის ვარსკვლავით- ღილით, შუქი და ჩრდილი.ასეთ დროს თვალებს ითვინიერებს შუქი და ჩრდილი. ერთი ძილიდან ამოსულ ღელის ხმაური როცა მიდამოს თენთავს, წამოყრის საბანს აქნეულ ხელით და უცხოსავით უბიძგებ შენს თავს, და ხორხოშელა პერანგი,რამე აჰყვება სხეულს სიცივის გამო... და შენც ამიტომ გაურბი ღამეს და დღეში შესვლას ამიტომ ლამობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი