ნისლში ცურავენ ციურ ტივებად ..


ნისლში ცურავენ ციურ ტივებად
სილუეტები ჩემი ბათუმის...
მე აქ, ერთადერთს, მეპატიება
ზღვის მშფოთვარ სულში ხელის ფათური.
მე აქ, ერთადერთს, მეპატიება
სანაპიროზე განმარტოება,
ჩუმი მოწყენა და ატირება,
დამტვრევა ობოლ პალმის რტოების,
მოხმობა ზღაპრულ ალბატროსების,
ცურვით მიპარვა სიზმრიან გემთან,
მეზღვაურების და მატროსების
გაკვირვებული თავმოყრა ჩემთან.
მეპატიება დათრობა არყით,
გახდომა ვინმე ლოთის სათრევად...
ჩხუბი, თავშეყრა უცნობი ხალხის,
ზღვისპირა ბაღში ღამის გათევა...
მეპატიება მე აქ ბავშვობა,
სინანული და ცრემლები გზაში
და, მზის ჩასვლის ჟამს, თავის დახრჩობა
შემაშინებლად მღელვარე ზღვაში...
სილუეტები ჩემი ბათუმის
ნისლში ცურავენ ციურ ტივებად,
შენზე ფიქრით ვარ ახლაც გართული...
მითხარი: მართლა მეპატიება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი