ძველი მინიატურები
* * * ჩვენვიბრძოდით შენთვის! დავიხოცეთ შენთვის, - ჩვენი საფლავების მომვლელო და მცველო! ჩვენი საზრუნავი იყო ერთადერთი: შენი გადაქცევა მთლიან საქართველოდ! დღეს შენ მთლიანი ხარ! ღმერთმა გადღეგრძელოს! * * * ნუ ქნას ბნელი საფარველად შენდა! წინ გიძღოდეს უნათლესი აზრი! დიდი ენა - მოსაუბრე ღმერთთან - დაიცავი უწმინდესი ტაძრით! * * * ახლა, როდესაც გადიდებენ, ყველგან გისმენენ, ახლა, როდესაც ქართველთ ძმობის ხატად იქცევი, - ჩადენილ ცოდვით, დედავ, შვილებს ნუ მოიხსენებ, მოიხსენიე დათესილი მათგან სიკეთით! * * * რამდენ აკვანსაც ჩვილებს დაურწევ, შვილებს სიცოცხლის გზას გაუგრძელებ, - იმდენ შენს ქებას დღე დღეს აუწყებს და ღამე ღამეს გადაუმღერებს! * * * თავისუფლების, გამარჯვების ღირსი ერი ხარ! დაბადებიდან საკუთარი ლუკმით იზარდე! კურტხეულ იყავ, შემწე იყავ, მიწიერ იყავ უკუნისამდე! უკუნითი უკუნისამდე! * * * ჩვენო სააკვანე და ჩვენო საკუბოევ! ჩვენო საღიმილევ და ჩვენო საცრემლევ! - დამიმალამოე შენთვის დაგულ პოეტს ტკივილი, საფლავშიც რომ აღარ მასვენებს! * * * შენი ბრძოლების მატიანეს, აბა, ვინ წაშლის?! გაგიმარჯვნია შემოსეულ უთვალავ მტერზე! ბევრჯერ მოგაგეს შენ ბოროტი კეთილსა წილ, სიყვარულის წილ - სიძულვილი მოგაგეს ბევრჯერ! * * * შენთვის აღვენთე, შენთვის ვიბრწყინე, ვუდარაჯებდი კარავსა შენსა... და, განწმენდილი შენთვის შვიდწილად, შენს წმინდა მიწას ჩავეწნე ფესვად. * * * როცა მოედო შენი ზეცის თაღებს ნათელი და სიხარული მოგაფინა კიდით-კიდე, როცა აღსდექი, აღზევდი და აღემართენი, - დიდება იმ დღეს - დაუვიწყარს! დიდება იმ დღეს!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი