მზე ნაგავში


ავტობუსები ასახიჩრებენ ქალაქის ხედებს.
მეეზოვეებს ლახვარივით ცოცხი უჭირავთ
და ხვრეტენ ქუჩებს, ტროტუარებს,
ფილაქნებს ხვრეტენ
და მატლებივით მიძვრებიან ჩემი ქუჩიდან.
ხვრეტენ აივნებს, ავგაროზებს,
ხვრეტენ ჩემოდნებს,
ლიანდაგებს და ბინძურ ბაქნებს,
ფეხით გათელილს,
ღამე გახვრეტილ ვაგონებში
ქარი შემოდის
და იმ შორეულ,
იმ მეწამულ ზღვათა ნათელი.
აღმოხდების მზე,
ჩახდების მზე,
შემოხდება მზე.
მეეზოვენი აფთრდებიან წრეგადასული _
არ ვიცი როგორ, ან საიდან შემომეხიზნენ
და საცერივით დამიცხავეს მთელი წარსული...
ავტობუსები
ასახიჩრებენ ქალაქის ქუჩებს.
მეეზოვეებს ლახვარივით ცოცხი უჭირავთ.
ეს ნაგავია _ გარშემო რომ შემომიქუჩეს.
ეს ჩემი მზეა _ რომ ცახცახებს ასე დუხჭირად.

წყარო: litklubi.ge

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი