წიგნები


აჭრილი ფერები.
და აჭრილ ფერებში — აჭრილი ფიქრები.
კედლები. ჭერები.
წიგნის თაროებზე — აჭრილი წიგნები.
გაცრეცილ სახეებს
კვამლი აბუნდოვნებს, როგორც გამოცანა.
სახეებს ახელებს
დაფარულ ვნებების გარეთ გამოტანა.
აჭრილი ქალები
ჭრელი გველებივით მოქნილი ხელებით.
ცბიერი თვალები.
თვალები გიხმობენ — ვეღარ შეელევი.
ირიბი ღიმილი,
დანების ტრიალი ღამის ტალანებში.
ქალების კივილი —
ვიღაც უბედური კვდება დანანებით.
ფერები აჭრილი,
ასფალტის სიბრტყეზე უსულო სხეული
და სისხლი — ჯაჭვივით,
წითელი ჯაჭვივით წვრილად განთხეული.
ხელები გასვრილი,
ღამის სიჩუმეში — ქუჩა ცარიელი,
მოკლული სასიძო
და ველად გაჭრილი შლეგი ტარიელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი