ოთახში
ჩემს სახლში, ჩემს ოთახს ჩემს დროზე ვეწვიე. ქალაქში სინათლე არ ჰქონდა არავის. ეძინათ ღამურებს, მზეებს და მზეწვიებს, აღმართულიყო სიბნელის კარავი. მე სახლში შევედი. კარი მივიხურე, სანთელი ავანთე სიბნელეში. ვხედავდი სარკეებს, ჩამქრალ ელნათურებს. ქარი ზუზუნებდა გარეთ, მავთულებში. სიცივე და ქარი და ღამის ამქარი ნიღბებად დამტყდარი ფანჯრების მინებზე, ეტმასნებოდნენ ლანდები ფანჯარას მოთქმა-წუხილით და ლანძღვა-გინებით. — სინათლე აინთოს! — ვიყვირე — აინთოს! კედლებზე მოჩანდა უაზრო ხაზები. ღავღავით დაძრწოდნენ უჯიშო ნაგაზები, ნაგვის ბუნკერებში ეძებდნენ საკბილოს. და მეც ჩემს საკბილოს ვეძებდი ღამეში, ოთახის კედლებში, დაპრესილ ჭერქვეშ. ვიღაც კი მიყვიროდა: — მორჩი ეგ თამაში, ჩაწექი საფლავში და ქვიშას შეერთე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი