ტრიუმფი


იყავით ლმობიერი და ფიფქებს, რომლებსაც დავიჭერ პირით, არ დაუმატოთ ტროტილი...
სიტყვებს, კონვერტზე მისაწებებელი მარკებივით ენით დასველებულებს
ნუ ჩააბრუნებთ სვიტერის ყელში... მანძილის ყაისნაღებით...

გამოიჩინეთ გულისხმიერება და გადააცვით რამე ამ ღამეს,
ფანჯრიდან გადაკიდებულს,
დილამდე ხომ ასე უნდა იყოს...

უხერხულია, ბუებიც კი გრძნობენ, რომ ნისლი დანით და ჩანგლით უნდა ჭამო
და არა ცხვირით...

ნაგავსაყრელებს რომ შევაბათ შუშის კარები...
დავურიგებდი მერე სახელებს, მეტროს სადგურებივით...
„ნაგვისველი“...
„იგავის მოედანი“...
„სამასჯერ დაგვილი“...

ის კი არ მოვა...
მარმარილოსფერ მუხლებში ცისფერი ძაფებით...
არ დაიძახებს ჩემს სახელს დამარცვლით...
სხეულში ჩაბნევასავით...
სანამ სხვები ამტკიცებენ, რომ დიდი ვარ...
სანამ ყურებზე მიჭერილ ხელისგულებში ჯერ კიდევ მოძრაობს სისხლი...
რომელიც ათასჯერ შევაჩერე,
როდესაც ცხვირიდან წამსკდა....

ის აღარ იტყვის,- „გეთაყვა, ღორი ხართ,
რაც უფრო ეტრფით ეტიკეტს, თითები და ყვრიმალები გისუქდებათ!“
ჰო, აი, ასე...
და ისეირნე მერე ამ კონსტრუქციაში...

სინამდვილეში, პირდაპირ უკუღმართი ვარ...
ნაცვლად იმისა, რომ ავიყვანო ეს ფოთლები და სახლში დავაბინაო,
ფეხით ვთელავ მათ და მგონია, რომ, ასე უნდა იყოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი