გადირია დიდნენეი
საფორჩხელას ღელეში მათრია და მჯინქვა, ფოთლებით და წვიმებით გალეშილმა ჭინკამ. დევის ძუძუ შემიწვა, ხვართქლიანის ბურში, - და შიშველი შამფური გამიშხვერთა გულში. ხავსით, ლოდის ლორწოთი, შემზილა და მთითხა, არაფერი გამანდო, არაფერი მკითხა, მერე როგორც ზვარაკი მაბურგალა დიდხანს, მერე ქვაზე შემჯდარმა ბევრი იხითხითა. გადირია დიდნენე, ჩამოიქცა სხვენი, იმ ჭინკების ბუნაგში რა გინდოდა ნენი!.. იქ ხომ შავი ჩიტები სულ კუდებით ფრენენ, რას ეძებდი, რა დაგრჩა, ნენულია ნენევ!.. ავნაგაზის ბალანით, ვაზის კვირტით, ხამლით, მიხრჩოლეს და მაყლაპეს ბოძონძვერა კვამლი, შემავედრეს გამჩენელს, მესიეთის რაინდს, ვერაფერმა მიშველა! - ვერაფერმა მაინც. და თუ დღემდე მომყვება უჟმურები ცოტა, საფორჩხელას ღელედან გამოყოლილს ვცოდავ, საფორჩხელას ღელედან დადევნებულს ვმღერი, ნენი! ჩემო გამდელო და ჩამქრალო ნენი. ნეტავ!.. ჩემი ობლობის და ბალღობის ჭინკავ, ახლა სულ სხვა ჭინკა და ნაჭინკვარი მჯინქვავს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი