ეს მიწა გქონდეს


ცაა არწივის, გორები ქორის,
მინდორში ჩიტებს ბურდღავს მიმინო,
შენ შენი გზები მითხარი თორემ,
ამ გზებზე ისეც უნდა ირბინო.

საბა-სულხანის ბებერი ტორი,
გონიოს კედლებს გზნებად ატყვია,
სიცრუის სიბრძნე გაგაჩნდეს თორემ,
რა ხმალი დაგცემს ანდა რა ტყვია!?

კლდეზე გაწვება და გააზმორებს,
დაღლილი ნისლი იის ბწკლიანი,
ეს სიცხე გქონდეს, ეს სისხლი თორემ,
აქ ნამიც არის ნაპერწკლიანი.

ღრმას და ღონიერს ჩავყურებ მორევს,
ზღვის ზარიანი მეხლება ზვირთი,
ეს ზავთი გქონდეს, ეს ჯანყი თორემ,
დანარჩენს ისეც ნახავ და იტყვი.

გადმოაგორებს ჭოროხი მორევს,
ჭოროხი რჯულით მქუხარე ასე,
ეს ღვედი გქონდეს, ეს კვეთი თორემ,
რამდენსაც გინდა ნახავ და გასცემ!

ბალახებს, ჟვავებს, წვიმებს და თქორებს,
მხოლოდ ალერსი მიიტანს გულთან,
ქუსლში ეკალი ფეთქავდეს თორემ,
ვარდი წაიღონ რამდენიც უნდათ.

ციხის ნეკნები, ჟანგი და ყორე,
მტრის თუ მოყვარის კერძია მუდამ,
სულში ვენახი ყვავოდეს თორემ,
ღვინო დალიონ რამდენიც უნდათ.

ცაა არწივის, გორები ქორის,
შენ გულზე იდებ ღონიერ ხელებს,
ეს მიწა გქონდეს, ეს წყალი თორემ,
სხვა დანარჩენიც იქნება მერე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი

ძალიან იყვარს ზურაბ გორგილაძის შემოქმედება. ეს ის პოეტია რომლის ლექსებმა მე პოეზია შემაყვარა და დიდი მადლობელი ვარ მისი . ის მართლაც რომ აჭარის ჩაუმქრალი სანთელია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი