თამადის გადადგომა
ფემბულავ! - შუბლზე ხელი დამადე, გენჯალავ! - გულზე ყური დამადე, ვეღარ ვარ ძველი მოშპი გავარდი, ვეღარ ვარ ძიავ, - ვერ ვითამადებ. ვერ ვიწკრიალებ ყავრის წყალივით, ვერ გადავაბწნი სიტყვას ყვავილთან, წავიდა ძიავ, ყველა მარილი და ყველა ეშხი მეშხიხც წავიდა. დამაცვდა, ძიავ ლომის კლანჭები, ვქცეულვარ ლომის ლუკმად თავადაც, მდადეს რომ ვეღარ გაეპრანჭები, რაღა კაცი ხარ, რაღა თამადა. დედასახლისის გაგსხლავს სავსავი, მამასახლისის მოგსხეპს ფანდობა, მეკუჭნავეც რომ სიტყვას გასწავლის, რაღა ფასი აქვს შენს თამადობას. სხვა საწადელზე გარბის თვალყური, ბრძენი ბღლარძუნობს, ღლაპი კამათობს, აღარც მოყვრული, აღარც,,მაყრული" ვის ვუთამადო, რა ვუთამადო? აქ სხვანაირი ბრუნავს დენდობა, ლირწი ჭიქაში ჭყიპავს კამათელს... ქალწულ კაბაში ორსულ დედოფალს რა ვქნა, ფემბულავ, ვერ ვუთამადებ. გინდა დაჰკალი ჩემი კაცობა გინდა ზედ გულზე ლოდი დამადე, ნეფის ჩოხაში ცხრა გზის ნაცოლარს, რა ვქნა გენჯალავ, ვერ ვუთამადებ. ...ოჰ კოდმეში რომ დავლი გორავდა, წრეში რომ ერთურთს ჩქმეტდნენ წყვილები, იმ ქორწილების გულის ჭირიმე, იმ ქორწილების... იმ ქორწილების...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი