მახსოვს..
მახსოვს ძაღლის ნაკბენივით, იმ თვალების ღველფი მახსოვს, ვერავინ ვერ დამავიწყებს, თუნდ ამჩეხონ ასო-ასო... ვბერდები და ამის მსგავსი, არ მინახავს ხალხო ჯერაც, ღმერთო კარგად ამიხდინე, მისი უცებ გამოჩენა. მახსოვს, ეცვა კაბა ჭრელი, კაბის ბოლო ჰქონდა სველი, ასდიოდა ნამის სუნი, მერე ქალის სუნი მწველი. ციბრუტი და ცისფერთვალა, ფორთოხლებს ეფარებოდა, ვაჰ, თუ იმის შეეშინდა, უცებ არ შემყვარებოდა, გულს უხსნიდა ერთიანად, პოეზიის ზიარებას, მისი ტაში მგალობელი, ფრინველივით ფრთქიალებდა. კისკისებდა, გიზგიზებდა, მაინც ხეს ეფარებოდა, ალბათ იმის შეეშინდა, უცებ არ შემყვარებოდა. წამოვედი... იმის მერე, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ვერაფერმა ვერ უშველა, იმ თვალებს და ამ იარას. და მეც ვმღერი იმ ბიჭივით "წვიმა წვიმს და ნამი არა, გოგოვ შენმა სიყვარულმა, კაკალ გულში გამიარა."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
👏👍