მშვიდობით
მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ, კარდაკარ ვივლი ხმაგაკმენდილი, გავხდები ბევრი ავ-კარგის მოწმე, და დროს შევხედავ შემცბარ ღმერთივით. ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი, გავწევ კახაბრელ გლეხის შეგნებით, – და ღვთის სასწორზე შეგდებულ გვირგვინს შემიმკობს შენი ეჭვის ეკლები. ამაოებას ვერავინ აღგვის, ღმერთის პირმშოა ყველა ღვიძილი, დავდევ ბახჩაში შეპარულ თაგვებს და კატა სხვენში კვდება სიცილით. არ ვიცი საით, ოცნების ნავი, ამდენი ვაზიც ჯვარზე დაწნული, სულში დაღლილი მუსიკა ყვავის თუ კედლებს მიღმა ტირის ქალწული? არ ვიცი!.. მე კი ვერაფერს ვყვედრი, ლახვრებს განკითხვის ჟამად მოღერილს, მღვრიე ფოთლებად გუბდება მდედრი და ცხელ ნესტოებს ხეთქავს ოხერი. მშვიდობით!.. დიდხანს ვერაფერს მოგწერ, ვივლი, ბიბლიურ სამოსით ვივლი და შენ გახდები პირველი მოწმე, სამშობლო როგორ დამადგამს გვირგვინს.
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი