ომარ ხაიამის მონოლოგი
ჩემს საუფლოში ფოთლები ცვივა,ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა, გადაჰქრის ქარი, გადმოჰქრის ქარი ქარვისფერ ველებს, ქვესკნელს ასველებს, ქვესკნელს ასველებს მწუხარე წვიმა და მღვრიე ღვარი, ო, ნიაღვარი ცას მიასვენებს. ჩემს საუფლოში ნელდება ჩრდილი, ნელდება ჩრდილი, ნელდება ჩრდილი, ღვინისფერ ჩარდახს, ღვინისფერ ჩარდახს სურვილობს საზი, ცრემლებზე მაზის, ზედ გულზე მაზის ჩიტი და ტირის, სად გადაჰქარდა, სად გადაჰქარდა სატრფო ლამაზი. ოჰ, ასე გავჩნდი... არავის ნებით, არავის ნებით, არავის ნებით, არავის თხოვნით,არავის ხათრით, ხატი და რჯული, - და ვიღაც უვლის და რაღაც უვლის გადაშენებით, უმაღლესს ყოვლად, უაღრესს ყოვლად, - ბუნების სურვილს. ჩემს ბორკილებში ჟინი ქვითინებს, ჟინი ქვითინებს, ჟინი ქვითინებს, ზეიმობს აზრი, ზრიალებს აზრი, მსაჯულის ყოვლის, ტკივილის თრთოლით, ცრემლების თრთოლით ცას ვაგვირგვინებ და კუბოს ზარავს, ოჰ, კუბოს ზარავს ზარების თოვლი. ჩემს სურვილებში ბუნება კვდება, ბუნება კვდება, ბუნება კვდება, ამოდის ბოლი, გადადის ბოლი ვნებების ნორჩის, ჩვენებებს ლოშნის, ჩვენებებს პორჭყნის ველური კდემა და მრჩება ყოვლად, ოჰ მრჩება ყოვლად უმანკო ჩონჩხი. ჩემს სიმღერაში ძეგლს ვუგებ სევდას, ძეგლს ვუგებ სევდას, ძეგლს ვუგებ სევდას, საკუთარ სისხლში, საკუთარ სისხლში ხარხარებს ღმერთი, ბახუსის კვერთხით, ბახუსის კვერთხით საწუთრო მდევდა ჭრილობებს ვიხსნი, იარებს ვიხსნი ბახუსის ფერხთით. მე სული მიჭრის... მე სივრცეს ვეძებ, მე სივრცეს ვეძებ, მე სივრცეს ვეძებ, ვარსკვლავებს ზემოთ,ვარსკვლავებს ქვემოთ საწუთროს ვტეხდი,.. სიმღერით ვზილავ, ტირილით ვზილავ ვარდების ველზე საკუთარ სხეულს, საკუთარ სხეულს საკუთარ ფეხით. მინდოდა იქნებ სხეულის ახსნა, სხეულის ახსნა, სხეულის ახსნა, დაბმული ოდით, დაბმული ოდით ველურის ქოხთან, ამაოდ ოხრავ, ამაოდ ოხრავ, - ვაი ჩვენს თავსა, თავარქვათ ბედი, ვუწოდოთ ბედი, რაც უკვე მოხდა. არსობის ბეთლემს გააქვს ყიჟინი, გააქვს ყიჟინი, გააქვს ყიჟინი, მე ყველას სჯულის, მე ყველას სულის კამარას ვიცნობ, სამარადისოდ ერთმანეტს ებრძვის შიში და ჟინი და კვდება ჟინი, მარცხდება ჟინი სამარადისოდ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი