სულერთია ოცდაათის მერე
მინდორში ვარ და გაზაფხულს ვბაძავ, ვქოშინებ და ვასავსავებ ხელებს, არც გიმხელ და არც გიმალავ ასაკს, სულერთია ოცდაათის მერე. მეც მჩხვერავდა ხანჯალივით სისხლი, მეც ნაბადი დიდოსავით ვთელე, ვარ თუ არა სიყვარულის ღირსი, სულერთია ოცდაათის მერე. დღეს სურვილებს რა იოლად ვმართავ, წყალდიდობა დამავიწყდა ღელეს, ყველაფერი, აქ სიკვდილის გარდა, სულერთია ოცდაათის მერე. ჩემიც მძაფრი ტრიალებდა კალო და ჰფანტავდა სიჭაბუკის ფერებს, გამწირავ თუ შემივრდომებ ქალო, სულერთია ოცდაათის მერე. მხოლოდ ხსოვნის უკვდავია ძეგლი, ნაფოტები სულ შერჩება ჭერებს, დიდებაც და გვირგვინებიც ეკლის სულერთია ოცდაათის მერე. მზის ხავერდი მუდამ ახლდა კოცნას, სხვა ხავერდებს ვერ შეიჩვევს ბაგე, მარადისი კურთხევა და ლოცვა მას, რაც დარჩა ოცდაათის აქეთ. ვმღერი ასე ჩემს ნაღვლიან ქოხთან და წარსულში თვალს ვადევნებ ძველებს... მოსახდენი რა ხანია მოხდა! ნუ მომძებნი ოცდაათის მერე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი