სულხან-საბა
არც არაკს ჰგავს და არც ზღაპარს... დამიდგება თვალწინ მკაცრი, ქრისტესავით ნაგვემი და ნაწამები ქართველკაცი. ღონიანი, ღვედიანი, კვეთიანი სიტყვის ღმერთი, სამრეკლო თუ ბალავარი, ოშკისა და ალავერდის. მოგიზგიზე ბუხარივით მომაცხუნებს მისი წვერი, მისი კალმის ფრთა დიადი გუთნეულში გუგულს მიაქვს, მესმის მისი სუნთქვა ცხელი თუ ზარების გუგუნია. დამიდგება თვალწინ მკაცრი, ღვთაებრივი ბერიკაცი. ვინც ბედდამწვარ საქართველოს ბედისათვის იქმნა ალალ, ვინც ამიცრა სულში ვაზი და ქურდობა დამაბრალა. "განმძარცვესო აჭარაში"... ჭოროხივით იხუვლე და იგუგუნე დიდო პაპავ, მე საავდრო ღრუბელივით დაძენძილი ვიყავ მაშინ და მიზგითი მიბნელებდა ხატის ღიმილს, ქოხის ლამპარს. ეს ამბავი არ ჰგავს ზღაპარს... წინაპართა ძვლების ფერფლი გავატანე ნიავს განა?! მე გაგქურდე სულხან-საბავ, რომ დამეცვა "იავნანა" რომ დამეცვა ვარდოვნანა და ლეჩაქი ქართველ დედის, შენს ხურჯინთან მომყვა მაშინ სუნი ხმლის და სუნი დენთის, დავივიწყე მაშინ ღმერთიც და სირცხვილიც დავივიწყე, ქართველობას, შე ღმერთკაცო, ამ ქურდობის შემდეგ ვიწყებ. ტრიალებდა სისხლი ბუღი და მარჭობდნენ სულში ისლამს, სწორედ მაშინ მოგვარდი და, - წიგნი "სიბრძნე სიცრუისა" მოგვარდი და გამოგტაცე, შევერიე მწუხრის ჭალებს, სიბრძნე მამულს დავურიგე და სიცრუე დღემდე ვმალე. ბედბრდღვიალა საქართველოვ! დე,იცოდე რომ ვარ ქურდი, რომ მოვტაცე სულხან-საბას მისი სიტყვის იაგუნდი, რომ მოვპარე სულხან-საბას აურწყავი მარგალიტი, რომ სხვებს ეგრძნოთ და ეტირათ ეს უღმერთო მაგალითი, რომ დღეისთვის მეთქვა რიხით, სისხლით ხორცით ქართველი ვარ, რომ საკუთარ მნათედ დავთქვი ბედისაგან გათელილმა, - და წასულმა ხალხში ზღაპრად, დათოვლილი, დასეტყვილი, დამეხილი სულხან-საბა. ერთი ახლა გაიარე სვებედნიერ აჭარაში, დაიყურსა ის ვენახი ურჯულომ რომ აჭრა მაშინ. და ხარდანზე ხავერდივით ნაწნავების არის მტვრევა, მეზობელის გოგოსავით გაუშავდა თვალი მტევანს, ქვევრში - ღვინო, გულში შენი სიყვარული არ ეტევა. ჩადრმოხდილი აჭარელი შენს ზღაპრებში დაშლის დალალს, მომესტუმრე, როგორ ფიქრობ, კვლავ მოგპარავ რასმე განა?! მიწას ტუჩი რომ დაადო, ვარდის მეტი რა აგყვება მინდა ხალხში გაგიტაცო, ზღაპრებად და არაკებად. და მისმენდა სულხან-საბა, ასე ამაყს ასე გულდიდს, ყელს ღილკილო შემოასკდა, მოიჩრდილა ხელი წუთით, მერე ერთხმად აგუგუნდა: - შვილო!... ჩემი მზის და ბუდის, ალალ, შენზე ქართველობა, ალალ, შენზე რომ ხარ ქურდი, ალალ, შენზე ჩემი სიტყვის, მარგალიტიც, იაგუნდიც... დე, გიკურთხოს მხარე მთელი ამ მიწამ და სუფთა ცამან, მომეხუტე, შენ ქურდობა გაპატია სულხან-საბამ!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი