ძველი გაკვეთილები
რომ მსახურებ, – ვის მსახურებ, ვის ტახტს ვარცხნი, ვის სოფელში წვები... უპირველეს! – უნდილაძე გაიხსენე, უნდილაძის უპატრონო ძვლები. ჩანგის მეფე გაიხსენე! ჩალმის ფარფლი თავსამკაულს ზედან, სპარსის ენით გაბანგული მღერალობა, და... ისპაჰანს დაგლეჯილი დედა. მოურავიც გაიხსენე! გულმძვინვარე ხმალ-ხაფი და კვერთხი, დაცამხობილ ტახტებსა და სატახტოებს, შაჰს და ხონთქარს რომ უფენდა ფერხთით. გაიხსენე! – მაშრიყიდან მაღრიბამდე ახვეტილი ალაფიც და ღალაც, ზურგში დანა, ყმობასა და ერთგულებას, შვილის თავი, _ უზენაეს ღალატს. ყველაფერი ამოყარეს... პატივის და პატიების ღირსი, მაცოდინე! – რომელ ქართველს დაუფასდა უღელი და სამსახური სხვისი. მტრისას! მტრისას! რაც წაჰკიდეს, რაც დამართეს! – ძმავ, შვილო და მამავ, სხვის თეოზე აყეფებულ მგელ-ქოფაკებს, სხვის ყოფაზე აყივლებულ მამალს. სადროშოებს, სამრეკლოებს, საფიხვნოებს, სისხლს აკლია! – ლხინად ვარ თუ მიჭირს, სხვის ღორძინს და ძლიერებას გადაკლული, შვილთა ჩვენთა სახსარიც და ნიჭიც. კარგად გაისიგრძეგანე! – შენი გმირიც, შენი ურჩიც, მხდალიც... რას ეტყვიან თავმომწონე თაობები ერთ ჩექმაში დაბერებულ სტალინს. რაღა დროის... დამტვრევიათ რქები ხარებს, სხვის უღელში და გუთანში ნაბამთ უპირველეს! – შენს ქვეყანას მოუარე, დამბადებელს ემსახურე, ბაბა!
წყარო: litklubi.ge
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი