შენ სადღაც დამრჩი


საკუთარ თავში,
რომ ვერ ეტევი,
ყოველ ძილის დროს,
გადიხარ და სიზმრებით
ცხოვრობ.
ნატრობ თვალები,
მოგიშვიროს,
ერთ დღესაც ვინმემ,
რომ ჩახედო და 
ის სიზმრები აღმოაჩინო,
სადაც შენ დამრჩი,
წინა ცხოვრების გასაყართან
და მე მახსოვხარ.
სიკვდილის შემდეგ,
თუ გაბედეს,
ჩემს სხეულზე,
ყურის მოდება.
ნიჟარასავით,
მხოლოდ შენს ხმას
ამოირეკლავს
და ეს მზეც მხოლოდ
სიკვდილისას,
ჩამოვა ჩემში.
ხომ შეიძლება,
ამ თეთრ ღრუბლებს,
ყვავილები ამოეზარდოს.
ხომ შეიძლება,
საყდრის კედელთან,
ნასანთლარი ქვასავით იდგე,
ყველაზე სავსე,
ყველაზე მეტს რომ,
შენ ისმენდი,
კაცისა და ღმერთის საუბარს
და გულიანად ხარხარებდე,
როცა ამბობენ:
რომ ქვა ყველაზე,
ცივია და ცარიელია.
ნეტავ ჩიტები,
გადამფრენი ჩიტები ზღვაზე,
რას განიცდიან,
როცა ერთი
მოწყდება და
ფსკერისკენ წავა.
იქნებ ჩვენც ასე,
მოვწყდით ერთმანეთს
და იმ ფსკერიდან,
ამოვედი ადამიანად.
ახლა რომ მკითხო,
შენი ხსოვნის,
რა შევინახე,
მე თავ ჩახრილი გიპასუხებ:
ადამიანებს,
ადამიანებს სულ არ ახსოვთ,
წინა ცხოვრება.
მხოლოდ თვალები,
უფრო სწორად,
მესამე თვალი,
ინახავს რაღაც,
წარსულსა და სხვა ილუზიას,
რომ სადღაც დამრჩი,
რომ ჩემიდან ვიღაც წავიდა
და როცა თავში,
საკუთარში ვეღარ ვეტევი,
მე მაშინ ვხვდები,
რომ გაქცევა,
ხეებსა და ადამიანებს,
აქ ერთნაირად, არ შეუძლიათ.
აქ მოწყვეტილი ვარსკვლავები,
გარბიან მხოლოდ
და შემომასწრეს,
მაგ თვალებში,
დღესაც შემოსვლა.
არ შეიძლება,
ყვავილები ქოთანში იდგეს,
არ შეიძლება ყვავილს მიწა,
ჩიტს ცა წაართვა.
ჩემი ფანჯრები,
მხოლოდ ზეცის, 
მხარეს იღება
და გაღებისას,
ჰაერივით შემოდის
ღმერთი.
მე ყოველ დილით,
მტრედებს ვატან,
ცაში ბარათებს,
სადაც სისხლისფრად აწერია,
გაცრეცილ ფონზე:-
ჩვენ დავემგვანეთ ციცინათელებს
და სამუდამოდ წაგვართვეს ღამე,
ერთმანეთი რომ ვერასოდეს აღმოგვეჩინა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი