ჩემი თორმეტი
თორმეტჯერ უფრო იოლია ახლა სიკვდილი, მე თორმეტთაგან თორმეტივე ღამემ გამყიდა, ვდგავარ უდაბნოს სიცხეში და მზეებს მივტირი, ჰო, ჰაშიშიდან, კუმისიდან, გნებავთ არყიდან, იბადებიან სტრიქონები არც არავისთვის, არც არავისი თანაგრძნობა ახლა არ მინდა, მთელი ეს ტვირთი რა ბევრია ერთი ქალისთვის, რა ძალა გინდა ყოველ თორმეტს შეხვდე თავიდან. ტანზე შემშრალი უშენობის მხურავს მანტია, მკლავზე მიბმული ფალკონივით ზეცას მივკივი, ჰო, დედაჩემო, მე თორმეტი დამღა მატყვია, და ცოცხალი ვარ, არა არის რადგან სიკვდილი! თორმეტჯერ უფრო იოლია თუმცა კი ახლა…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი