მაინც რანაირი დღეებია?


კვლავაც მოღრუბლული დღეებია,
ისევ არსად ჩანან ვარსკვლავები,
თურმე მოთმინება შემძლებია
ათას მეორმოცე დაღამების.

სიცხემ ისევ ამიწია,
დარდსაც ვეღარაფრით ვემდურები,
თურმე როგორ ძლიერ განიცდიან
დღეებს სითბონაკლულს ბეღურები.

დღესაც ვამჯობინე დამელია,
მოცდა კვლავაც მიჭირს გათენების,
წელს რა უსახური ქარებია,
ისევ გულს მიყინავს გახელებით.

ზღვები კვლავ ღელავენ ყოველ დილას,
ნაპირს ასკდებიან გიჟებივით,
მე კი ეს ტალღებიც ძლიერ მიყვარს,
შენი ვერ ნათქვამი სიტყვებივით.

ისევ მერამდენე ღამე გიცდი,
ქუჩას ვუყურადებ გაგიჟებით,
ალბათ დაარღვიე კვლავაც ფიცი,
ხმაც კი აღარ ისმის ნაბიჯების.

ნეტავ სიყვარული როდის
ჩნდება?
ნაწნავს როცა ქაჩავ ცელქი მზერით,
ირგვლივ ყველაფერი ისე ქრება,
მხოლოდ მისით ცხოვრობ ყველა ნერვით.

მერე ყველაფერი თითქოს კვდება,
ნელა გიქრებიან ღიმილები,
შენში ისადგურებს დიდი სევდა,
სულსაც დაგიბნელებს ტკივილები...

მაინც რანაირი დღეებია?
არსად კიაფობენ ვარსკვლავებიც,
ყველგან ნაცრისფერი ფერებია,
თითქოს მეშინია დაღამების.

მოდი.. 
უშენობით სულზე მცივა,
ვეღარ გამათბობენ მზის სხივები,
ისე მესაუბრე როგორც წინათ,
ხედავ უშენობით  ვიყინები.



სიცხემ ახლაც ამიწია,
სიკვდილს აღარაფრით ვემდურები,
თურმე როგორ ძლიერ განიცდიან
დღეებს სითბონაკლულს ბეღურები.


ანნა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი