და არაფერი


და არაფერი ტკივილები კვლავ გაწუხებენ
და ძველებურად ისევ ის გკლავს რაც გკლავდა უწინ,
ვერ მოიშორე ვეღარაფრით ეს მარწუხები
ახლა ზიხარ და შენს წილ სიკვდილს უჩუმრად უცდი. 
და არაფერი, არაფერი იქნება კარგად ,
თავს ვერ დაიძვრენ ყელში გიჭერს ათასი ცოდვა
სანუგეშებლად ერთადერთი კაციც კი არ გყავს
გვერდით, რომელიც წყალს მოგაწვდის მომაკვდავ მოკვდავს.
და არაფერი, ისევ ისე ზიხარ და ელი
მზიან ორშაბათს, ან აღდგენას ჩახერგილ გზების,
უჩინარდება გონებიდან ყველა სახელი 
ყველას სახლი და ქვეყანაზე სულ მარტო რჩები.
და არაფერი, ყველაფერი სრულდება ნელა
დედამიწა კი ჩვეულ რიტმში განაგრძობს ბრუნვას,
ადრე თუ გვიან ყველაფერი უკვალოდ ქრება -
ფიქრობ და ისევ გიხშირდება უაზროდ სუნთქვა.
და არაფერი, ძალა არ გაქვს რომ წინ აღუდგე 
არც ერთ ბარიკადს ან პრობლემას ყოფა-ცხოვრების,
მხოლოდ ის იცი -არასოდეს უნდა გაჩუმდე 
არ ჩაიგუბო პირში წყალი მსგავსად მონების .
და არაფერი, გემატება ჭაღარა თმაში
ხელის კანკალი გაგიხშირდა ბოლო დროს ისევ,
და სინანულის სიძლიერე მატულობს ხმაში
რადგან შენს თვალწინ მოსაგონრად ავსებენ ჭიქებს.
და არაფერი, ყველაფერი ბარდება წარსულს,
გულზე ხელს იკრებ და ნელ-ნელა ლამაზად კვდები
სულ ყველაფერი წლებმა შთანთქა... და რჩება სასრულს
საფლავის ქვაზე _სიცოცხლის და სიკვდილის წლები.
                      《ანა ზეიკიძე》

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი