ვადაგასული ოცნებებივით...


ვადაგასული ოცნებებივით ფერწასულ ზეცას,
შავმა ღრუბლებმა დაუბნელეს მთლიანი არე,
დიდი ხანია რაც მინდოდა, რომ შენთვის მეთქვა,
მე ვარ ეს ზეცა...ვარსკვლავმომკვდარი ეული მთვარე.
ღამე უკუნი... მარტის თვეში მოსული წვიმა,
თვალებდახრილი ბავშვის ცრემლით ნაწყენი დედა
და ზოგჯერ ისე, და ისე ზოგჯერ ძალიან მინდა,
ვიყო აპრილში ამ ატმების კვირტების ფეთქვა.
მე ვარ ეს მთები -და უსულო ვგონივარ ამ ხალხს,
მე ვარ ეს მიწა, წვიმისაგან სველი სავსებით.
მე ვარ მოხუცი სიკვდილამდე წუთი რომ დარჩა
და ვარ ის ლოთი, ვენებში რომ უდგას სასმელი.
მე ვარ ეს ლექსი, არეული სიტყვების გროვა,
თითებნატკენი გლეხის მზე ვარ გვიან მოსული,
ვარ კეთროვანის ბაგეთაგან მომწყდარი ლოცვა,
უდაბნოს მდგარი ყვავილი ვარ ეკლით მოსილი.
მე ვარ ყინული შვილმოკლული დედის თვალებში
და სატრფოს თითებს შერჩენილი ტკბილი სურნელი.
ქმარდაკარგული ქალის გლოვა გვიან ღამეში
და პოეტისთვის თავის მოკვლის დიდი სურვილი,
მე ვარ ის ქალი, რომ დატოვა ყველა ცოცხალმა
და ვარ ტუჩსაცხი შერჩენილი შენს თეთრ საყელოს ,
ვარ ის სიმშვიდე რომ ისურვა ბევრმა მომკვდარმა
და ვარ ის ვისაც სურს რომ ბევრი დაწეროს .
მე ვარ ის სიტყვა ბაგეთაგან ჩუმად დამცდარი,
ტაძრის კიბესთან დადებული სატრფოთა ფიცი,
მე ვარ სამრეკლო, ყინვისაგან ძლიერ დამზრალი
და ვარ მხატვარი მზის ჩასვლისას ვენებს რომ იჭრის,
ვარ ასი წლის წინ დაწერილი მკვდრების სონეტი,
აბორტგანცდილ ცას მოწყვეტილი მწველი ვარსკვლავი,
მათხოვრის მიერ გამოცდილი ყველა მომენტი
და გლეხი კაცის ხელები ვარ შრომით დამსკდარი.
მე ვარ თოლია ზღვის ტალღებზე ლაღად მფრინავი
და ვარ არწივი მთის წვერებს რომ უვლის დღე და ღამ.
მე ვარ აჩრდილი უცხო მეფის , დარდით მგრგვინავი,
ჯიბეგაფხეკილ მუსიკოსის ბედის წერა ვარ.
ვარ შენს ფილტვებში მოთარეშე ბოლი თუთუნის,
ბურგუნდიული ღვინის წვეთი შენს ცხელ ბაგეზე,
ვარ ბნელ ღამეში ტკივილისგან ჩუმი ჩურჩული
და ცრემლის კვალი ყინვისაგან ნატკენ ღაწვებზე.
ვარ დედაჩემის სევდიანი ლოცვის სამიზნე,
ვარ ის გოგონა ოცნებები რომ ვერ ვიყიდე,
მე ვარ ის ვინც ეს ცხოვრება ასჯერ დავიწყე ,
ერთი უბრალო , მეოცნებე ა.ზეიკიძე... 

ანა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი