მე მესმის თვითმკვლელი ქალების


მე მესმის თვითმკვლელი ქალების ..
**
მე მესმის თვითმკვლელი გოგონების, ყულფს რომ მოირგებენ და თხელ, ფარფატა სხეულს ჩითის კაბასავით დაკიდებენ გასამზეურებლად. მე მესმის თვითმკვლელი გოგონების , რომლებშიც არსებული მთელი სიყვარული ჩაკლეს უმოწყალოდ, რომლებშიც ამოსული წრფელი გრძნობები გადათელეს მინდვრის უწყინარი ყვავილებივით, ვისი თვალების უფსკრულებიც ცრემლებით ამოავსეს და მთელი სიცოცხლის წყურვილი დამარხეს მათში, მე მესმის მათი ვისაც ფრთები დააცალეს, ვისაც გაფრენა სურდა და მიწაზე მიაჯაჭვეს, მე მესმის იმ გოგონების რომლებიც ღამ-ღამობით სახეზე ბალიშაფარებულნი ტიროდნენ, რათა დედას არ გაეგო მათი ტირილი. მე მესმის იმ გოგონების ვენებს რომ იხსნიდნენ და თბილი სისხლით ითბობდნენ ხალხისაგან უარყოფილ, გაყინულ გულს. მათი ვინც სიყვარულს უანგრაოდ გასცემდა და სანაცვლოდ სულში ჩაფურთხებას იღებდა, ვინც გულს უხსნიდა ყველას და სამაგიეროდ ტალახიანი ფეხებით გადათელილ გულს იღებდა. მე მესმის მათი ვინც დღესა და ღამეს ტირილით ასწორებდა და წერდა, წერდა დაუღალავად, კალიგრაფიაშეცვლილი , რომ საკუთარი სიგიჟე წერით გაენეიტრალებინა, ვინც დადიოდა ქალაქში სამი ზომით დიდ სვიტრში გახვეული, სახეზე ღიმილიანი ნიღბით და ყურსასმენებში იმ სიმღერას უსმენდა რომელიც ყველა ტკივილს ახსენებდა. მე მესმის მათი ვინც მეთექვსმეტე სართულიდან ეზიარა თავისუფლებას , ვინც ვერ გაკვალა საკუთარი გზა, ვინც გაჩუმდა და გადაუარეს, ხმა ამოიღო და დასაჯეს, ვინც -შეიყვარა და უღალატეს , ვინც ენდობოდა და უორგულეს. მე მესმის თვითმკვლელი გოგონების , მათ სიცოცხლე უნდოდათ , მათ სიყვარული უნდოდათ და ეს არ აპატიეს. ჰო და , გაფრინდნენ .
მე მესმის აბორტგაკეთებული ქალების (ყველასი არა), ვინც თავისი პირმშო დაბადებამდე მიაბარა უფალს , ვისაც უხაროდა საკუთარ სხეულში სხვა გულისცემაც მაგრამ ვერ მიადეს თავი გულისცემის მოსასმენად შვილის პაწაწინა მკერდს, მე მესმის მათი სოციუმის აზრის გამო ‘’შვილმკვდარ’’ ‘’დედებად’’ რომ იქცნენ, რომ ბრბოს მისთვის ტალახი არ ეცხო, რომ სულიერად არ გაენადგურებინა. მე მესმის მათი, რომლებმაც მუცელშივე ჩაიკლეს უამრავი ღიმილის მიზეზი და მერე მთელი ცხოვრება აჩრდილად დასდევდა საკუთარი ვერ(არ)დაბადებული შვილის ტირილის ხმა, ვინც ვერ დაარწია შვილის რძისფერი აკვანი მხოლოდ იმიტომ რომ სიკვდილამდე ეშინოდა ადამიანების რომლებიც მისი გამობერილი მუცლის შემხედვარე ბო*ად შერაცხავდნენ, მის შვილს კი მომავალში აბუჩად აიგდებდნენ. მე მესმის იმ ქალების რომლებიც უქმროდ დარჩენილნი ორსულნი ხტებოდნენ ხიდებიდან მდინარეებში, ვისაც უნდოდა შვილის მოფერება, ბედნიერება , სიცოცხლე და ეს არ აპატიეს.
მე მესმის აბაზანაში სისხლისგან დაცლილი მეძავეების, რომლებსაც სურდათ რომ მათში ღირსეული ქალი ეპოვა ვინმეს, რომლებიც ჩვეულებრივი ქალებიდან იქცნენ სხეულით მოვაჭრეებად, ვის სხეულიც თავიდან არ იკარებდა მამაკაცის ხელს , შემდეგ კი მათ უხეშ ხელებში დნებოდა. მე მესმის იმ ქალების ვინც სამართებელი აილესა ცოდვებით დაბერილ ვენებზე, ვისი ვენებიდან მჟონავი სისხლიც მთელს ოთახს მოედო. ვინც ვერ ისწავლა სწორედ ცხოვრება და ვისაც არავინ დაუდგა გვერდით , ვინც დაკარგა ყველა და ყველაფერი , ვერ შეძლო განათლების მიღება და დაადგა არასწორ გზას, ვისაც სოციუმი ზიზღით უყურებდა მხოლოდ იმიტომ რომ მეძავი იყო , ვისაც აფურთხებდნენ, ყველაფერს კადრებდნენ და არ მიიჩნდევდნენ ქალად. ვისაც ისევე როგორც ბეწვის ქურქებში გახვეულ, კეკლუც ქალებს სურდათ ცხოვრება უზრუნველად, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინც აცდა ჭეშმარიტებას და დაეცა, ვისი უფლებებიც ბოლომდე დაარღვიეს, ვისაც სურდა რომ მისთვისაც ეკითხათ ‘’როგორ ხარ?’’ , ‘’ხომ არ გცივა’’ , ‘’მომიყევი შენს შესახებ’’, ვისაც სურდა რომ კაცი მასთან ლოშინით კი არა, საუბრით დაღლილიყო, ეამბნა მისთვის თუ რაოდენ კარგი იყო ცხოვრება სხეულით ვაჭრობის გარეშე, ვისაც სურდა რომ მასში ის უმანკო ქალი ენახათ როგორიც წლების წინ იყო, როდესაც გააჩნდა ყველა და ყველაფერი. მათ ეს ვერ მიიღეს და მათი სისხლით შეღებილი წყალიც შეუერთდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარ წ....ბს. მათ სურდათ სიცოცხლე, მათ უნდოდათ ეცხოვრათ ადამიანურად , მათაც სურდათ ბედნიერება და ეს არ აპატიეს.
მე მესმის მოწყალებისმთხოვნელი თვითმკვლელი ქალების, რომელთა სულიც ერთვის სამხრეთის თბილ ქარებს. მათი ვინც ხურდა ფულისთვის მთელი დღე დადიოდა მეტროსადგურებსა და ქუჩებში, რათა თავისი შვილები ერჩინა, ვისაც სურდა ემუშავა მაგრამ უმუშევარ ქვეყანაში არა თუ სამსახური იშოვა , არამედ ის მცირეოდენიც დაკარგა რაც გააჩნდა, ვინც სოციუმმა მხოლოდ იმიტომ შეიზიზღა რომ დახეული, უსიფთაო ტანისამოსი ეცვა და მათ მსგავსად არ ეპკურა შანელის ხუთი ნომერი სუნამო, მე მესმის მათი ვინც უსახლკაროდ დარჩენილი ღამეს გვირაბებში ათევს, ვინც წაიქცა და ფეხით გადათელეს, ვინც პურს ითხოვდა და სცემეს , ვინც კვდებოდა და ექიმის დახმარების იმედიც არ ჰქონდა, რადგან კაპიკი ფული არ ეყარა გახეულ ჯიბეებში. მე მესმის მათი ვისმა სულებმაც დატოვეს ყინვისგან დაშაშრული სხეული, ვინც ტიროდა და გვერდით ერთი მშველელიც არ ედგა. ვინც არ მოიპარა მაგრამ შეიზიზღეს, ვინც მუხლებზე იდგა და წააქციეს , ვინც მოკვდა უადამიანოდ და საფლავის ქვაც არ აღირსეს. მათაც სურდათ სიცოცხლე, ბედნიერება , ისე ცხოვრება როგორც სოციუმის თითოეული წევრი ცხოვრობს, მაგრამ არ აპატიეს. 
მე მესმის თვითმკლელი პატიმარი ქალების, ვინც ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდა რომ სხვისი დანაშაული დაბრალდა ან წვრილი დანაშაულის გამო წლობით აღეკვეთა თავისუფლება, ვინც ბო*ად იმიტომ აღიარეს რომ საპატიმროში გაატარა თუნდაც რამოდენიმე თვე, ვინც სოციუმმა გარიყა მხოლოდ იმიტომ რომ მათგან განსხვავებით ისე ვერ იცხოვრა როგორც უნდოდა, ვინც თავი მხოლოდ იმიტომ მოიკლა რომ არ გამოსდიოდა საზოგადოებაში ინტეგრირება და მარტოობისთვის იყო განწირული. მათაც სურდათ სიცოცხლე, მათაც უნდოდათ ბედნიერება და ეს ვერ აპატიეს.
მე მესმის თვითმკვლელი ქალების, ანდაც ვცრუობ და ვერ მესმის ბოლომდე, რადგან მეც ვეკუთვნი იმ სოციუმს ცხელი ყავით ხელში მოწყალებისმთხოვნელის წინ რომ გამივლია და ჯიბეც არ მომიფხეკია ხურდის საძებნად, მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს მეძავეების შემხედვარეს რომ გულიანად გადამიკისკისებია, ვისაც არ სწამდა რომ გოგონები სიყვარულისთვისაც იკლავდნენ თავს, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს ეს... მეც შემიხედავს პატიმრისთვის ცივად და გვერდი ამივლია მისთვის. არ ვიცი რატომ , მაგრამ ჩემი ეს საქციელები ყველაზე ამაზრზენია , ვგონებ. წყალსაც წაუღია აზრი :’’ რას იფიქრებს ხალხი’’, წყალსაც წაუღია ის საზოგადოება სადაც მათივე წევრებს ანათემა მხოლოდ იმიტომ მოუწყეს რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მათ კრიტერიუმებს. წყალსაც წაუღია ყველაფერი რაც გვაშრებს ადამიანობას.
მე მესმის თვითმკვლელი ქალების...
ანა ზეიკიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი