რაღაც უნდა თქვა!


რაღაც უნდა თქვა!
როცა დაბომბილ ქალაქს ბავშვების უკანასკნელი ამოსინთქვა მისდევს ექოდ.
რაღაც უნდა თქვა...
ან სიჩემე უნდა გიწუოდეს თავში, ყურებში.
და აქ ფერადი სამყაროა,
”ქრისტეს შობის” სამყარო:
წითლებით, მწვანეებით, ბაფთებით, 
ორსული დედებით და ბედნიერი მამებით
ორიგინალური ნაძვისხეების ფონზე,
ან უბრალო ხეების ფონზე, 
უბრალოდ თოვლის ფონზე, 
უბრალოდ სუფრების ფონზე...
არა, რაღაც უნდა თქვა!
როცა სიბრაზე ყურებში, თავში გიწუის,
როცა დაბომბილ ქალაქს ბავშვების ბოლო ”დედა”! ასდის ალმურად.
თითქოს ორ პლანეტას
შორიდან უყურებ
და შენ ღმერთი ხარ
და ღმერთი დაიბნა!
და ღმერთში ადამიანმა რომელ ღმერთზე ილოცოს?!
ბაგაზე მიწვენილ ქრისტეზე თუ დაბომბილ ქალაქს ნისლად შემორჩენილ აჩრდილებზე!
თითქოს ორ პლანეტაზე ერთდროულად ცხოვრობ,
გაცრილ ქალაქში ფეხშიშველი დადიხარ და სათითაოდ აგროვებ ბავშვბის თვალზე შეტოვებულ ბოლო ცრემლებს,
საახალწლო საჩუქრებად რომ ჩამოურიგო მერე, ჩადრიან დედებს.
გაცრილ ქალაქში შიშველი დადიხარ და სათამაშოები სულში ტკივილად გერჭობა!
სათამაშოები ფერადები:
წითლები,
მწვანეები,
ბაფთიანები!
გაცრილ ქალაქში,
გაცრეცილ ქალაქში,
დაბომბილ ქალაქში
 უმიზნოდ დადიხარ,
როგორც დაბნეული ღმერთი საკუთარ თავში...
არა, რაღაც უნდა თქვას! ( თუ ქვია მას ”ღმერთი”)
25/12/2016

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი