ბეეს
იცი? მე ეს შევძელი! შევძელი სიცარიელე,როცა არავის დაკარგვის შიში არ გაქვს და თავისუფლად დაფრინავ. მე ჩემს სამყაროში შენს სულთან დაუსრულებელი საუბარი შევძელი და უამრავი პორტრეტები ვხატე,რომ ბედობას მარტო არ ვყოფილიყავი. იცი,რა ხმაურიანია ჩემი ოცნება... გაიღვიძე! გაიღვიძე! წვიმა მხატვარია... გახსოვს,ჩემი სოფლის ძველ სახლში,ნესტისგან დასველებულ კედლებს რომ ვუყურებდით?!... ფიგურები… ფიგურები... გახსოვს,ცისფერ კედლებზე ყავისფერი ლაქები?! რიცხვები, ზებრები, დელფინები, მთელი ეგზოტიკა,ჩემი სოფლის სევდიან,ნესტისფერ კედლებზე... მე ხატვა წვიმამ მასწავლა! წკაპ-წკუპ... მერე, როგორ ჩამოდიოდა წვიმა სულში, როგორ ხმაურობდა ჟანგიანი,თუნუქის ჯამზე! გახსოვს რამდენჯერ გვიცეკვია ამ ხმაზე... წკაპ-წკუპ! წკაპ-წკუპ! მე შევძელი ჩემს წარმოსახვაში შენთან ერთად ფრენა და დავძლიე შიში იმისა, რომ აღარ არსებობ! ჩემი ოცნებები ძველისძველია, გაცრეცილი. გაიღვიძე! სიჩუმისაგან თავი ამტკივდა... არ ვიცი მატარებელი მიქრის სადმე თუ სამყარო მოქრის ჩემსკენ... იისფერია,გარიჟრაჟის ზღვა და ცას ცეცხლი ეკიდება... გაიღვიძე! გაიღვიძე! ცეკვის დროა. ჩემი სოფლის ძველ სახლში,ჭრაჭუნა საწოლზე გულაღმა ვწევარ,წვიმა ხატვას მასწავლის, მე სიჩუმის დასარღვევად,დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელი " ფანჯარას ვესროლე… (ისევ დოსტოევსკი თუ დაარღვევდა ჩემს სიჩუმეს:)). გაიღვიძე! ფანჯარა გავტეხე... დღეს დაგვიანება დანაშაული იქნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი