პაპის სახლის ჩივილი


პაპის სახლი მეძახის - 
მოდი, ჩემში დასახლდი,
თორემ დასკდა კედლები 
და დამეფშვნა ქვიტკირი,
მედიდურად მეზობელ 
სახლებს ვეღარ გავძახი,
კახურ მრავალჟამიერს 
და გვარს შენსას მივტირი.

ერთ დროს კოხტად ვიდექი 
თბილი კერით ამაყად,
ვიდექ მაღალ მთასავით 
მარად შეურყეველი.
ჩემი ღონე ულევი 
პაპაშენზე დარდს გაჰყვა
და დღეს დაუძინებლად 
საძირკველში წევს გველი.

მხრებზე მაწევს შავი და 
ვეშაპივით ღრუბელი,
სული რომ შევუბერო 
გამიხურე ბუხარი,
აქ გაუყავ საცოლეს 
წუთისოფლის უღელი,
შთამომავლებს ტკბილი ხმით 
პაპაშენზე უთხარი

უთხარი რომ ალალი 
ფუძეს გულით უვლიდა,
განვლო დაუზრახველი 
და კაცური ცხოვრება… 
ჩქარა თორემ ჭაბუკო 
აღმომხდება სული და
ვინა ხართ და საიდან 
აღარ გემახსოვრებათ.

პაპის სახლი მეძახის - 
მოდი, ჩემში დასახლდი,
თორემ დასკდა კედლები 
და დამეფშვნა ქვიტკირი,
მედიდურად მეზობელ 
სახლებს ვეღარ გავძახი,
კახურ მრავალჟამიერს 
და გვარს შენსას მივტირი.

2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი