ხევსურეთისკენ


გადაღლილს დღითიდღე ჭკუაში მიჯდება- 
ცხოვრება ამ მტვრიან ქალაქში აღარ მსურს!
საცაა გავიხდი გახეხილ ჯინსებს და
ამაყად ჩავიცვამ ძველების ახალუხს.
თამამად გადავდგამ დევივით ნაბიჯებს
და მთაში პირველი დავხვდები გაზაფხულს
ქალამნით დავივლი მდინარის ნაპირებს
ხევსურნი მნახავენ ტრფობისგან დაზაფრულს.

ჯერ დინჯად მკლავების დავიწყებ აწევას
და მერე წინაპრის ავისხამ იარაღს 
და სისხლის ამღვრევი პწკარების საწერად
ვეწვევი მწვანე და ხასხასა იალაღს.
მოშავო ბედაურს მაინც რომ გავხედნავ,
თეთრ ჩოხას მოვირგებ ცეკვისას ფრიალას.
სულ ბოლოს შევდგები ნისლიან მთაზე და
იქ დავცლი ბოლომდე სიცოცხლის ფიალას.

2012

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი