მიხა ხელაშვილის ეპიტაფია


(დაიბადა 1900 წლის 25 იანვარს
დაიღუპა 1925 წლის 25 იანვარს)

ის მშობელი, ის სიმღერა, ის აკვანი,
შენ რომ გზრდიდა სამუდამოდ იარსებებს.
შენ იყავი ბარისახოს დიაკვანი
და პირნათლად აღავლენდი დიად წესებს.

მამულს მტერი წაეკიდა რომ მიწები
წაერთმია თვალუწვდენი იალაღის.
ანაფორა გაიხადე მოწიწებით,
მოიმარჯვე წინაპრების იარაღი.

მამაცურად ქაქუცა რომ აბრაგობდა,
შეუერთდი, არწივის ყელს იღერებდი.
ბრძოლის ველზე ვაჟკაცს მუდამ აბგა გქონდა,
გავსებული საამაყო სიმღერებით.

ფიცხი ცეცხლით რომ დაეცა და დანაცრდა
საოცარი სიმამაცის ასი ველი
შენ სამშობლო არ დატოვე სხვათა მსგავსად
და ბრძოლები გააგრძელე საკვირველი…

მოძმეებმა რომ გესროლეს მეციხოვნეს,
უღალატეს წინაპართა დიად წესებს.
გულს ნუ იტეხ ერის სულში შენ იცოცხლებ
მანამ სანამ საქართველო იარსებებს.

2013

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი