ნიზამი


მე ბავშვობაში ვცხოვრობდი
ლამაზ თბილისთან ახლოს,
ქართველთა გარდა მრავალი
უცხოც სახლობდა მახსოვს.
დღემდე ვიხსენებ იმ ხანას
როგორც უტკბილეს სიზმარს.
მახსოვს მეზობლად აზერი,
სახელს ეძახდნენ ნიზამს.
ბავშვებს თამაშში გვყვებოდა
ძლიერ გვიკრავდა გულში,
მახსოვს ის თბილი ღიმილი
როგორც ნახული გუშინ.
მუხლჩაუხრელად შრომობდა
შრომით აღწევდა მიზანს.
ყველას გვიყვარდა ნიზამი,
ყველა ვუყვარდით ნიზამს.
ლხინი არ გასტანს მარად ჟამს
უწყის ჭკვიანმა კაცმა,
ბედმა გვიმუხთლა დაიწყო,
ბედმა სამშობლოს ჯვარცმა.
ფიცხელი ომი დაიწყო
გაქრა წყალიც და ლუკმაც.
უცხონი ბევრნი წავიდნენ
თავის ქვეყნებში უკან.
ძაძები ეცვა მრავალგზის
დატანჯულ ქართველ დედას.
ერთ დღესაც ვნახეთ მებრძოლნი
მოასვენებდნენ ცხედარს.
ნიზამის სახე ვიცანით
მკერდზე ქართული დროშით,
ის არ წასულა თბილ სახლში
ის გაპარულა ომში!
ყველას თავზარი დაგვეცა,
ყველა შევკრთით და გავშრით.
ცხარე ცრემლებით ავტირდით
ქალიც, მოხუციც, ბავშვიც.
ამაყად მოყვნენ მებრძოლნი
მისი გმირობის ამბავს,
ჩვენი სამშობლო ვერც როდის
ვერ გადაუხდის ამაგს.
დიდება ნიზამისთანა
ყველა გმირსა და მებრძოლს.
ვისაც კი გული უძგერდა
საქართველოსთვის ერთ დროს!

 

2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი