როგორ მოხვდა ლოთი სასუფეველში
როგორ მოხვდა ლოთი სამოთხეში ლოთი სასუფევლის კართან მივიდა და დააკაკუნა. - არის აქ ვინმე, კარი გამიღეთ! - აკაკუნებს და ცდილობს, ვინმეს გააგონოს. სასუფევლის კარის გასაღები პეტრე მოციქულს ჰქონდა, კაკუნი რომ შემოესმა, კართან მივიდა და იკითხა. ვინ არისო? მე ვარო, მიუგო ლოთმა, ვინ შენო? - დაინტერესდა პეტრე. - ლოთი ვარ, შემიშვით სასუფეველში, - ითხოვდა ლოთი. - ლოთების ადგილი აქ არ არის, არ შეიძლება, - იმედი გადაუწურა პეტრემ. - მერედა შენ ვინ ხარ, რომ არ მიშვებ? - დაინტერესდა ლოთი. - მე პეტრე მოციქული ვარ, - მიუგო მან. - გიცნობ, პეტრე, რა შვილიც ბრძანდები. შენ არ იყავი, სანამ მამალი სამჯერ დაიყივლებდა, ქრისტე რომ უარყავი. მე ძმაო, ყველაფერი ვიცი, - უკან არ იხევდა ლოთი. რაღა ეთქმოდა პეტრეს, გამობრუნდა და პავლესთან მივიდა. პავლე კარზე ლოთი აკაკუნებს, მიდი და უთხარი რამეო. მივიდა პავლე კართან და ვინ ხარო? - იკითხა. - ლოთი ვარ, შემიშვით სასუფეველში, - პავლესაც იგივე სთხოვა ლოთმა. - აქ ლოთებს არ უშვებენ, - პეტრეს მსგავსად უპასუხა პავლემაც. - მერედა, შენ ვინ ხარ, ჩემი შეშვება რომ არ გინდა? - ჰკითხა ლოთმა. - მე პავლე მოციქული ვარ, - დაუზუსტა იმანაც. - ჰოო, პავლე! ვიცი, შენ ის არ ხარ, ქრისტეს პირველი მოწამე, სტეფანე ქვებით რომ ჩაქოლეთ და ქრისტეს მრევლს სდიე იერუსალიმიდან დამასკომდე? შენ სამოთხეში ბრძანდები და მე კი არ მიშვებ? - მოუჭრა ლოთმა. . - პავლემ ხმა ვერ ამოიღო. პეტრესთან დაბრუნდა და უამბო, რაც მოხდა. პეტრემ თქვა, მოდი, იოანე მახარებელი გავაგზავნოთ. ქრისტე მას არასოდეს უარყვია და ვნახოთ ერთი, იმას რაღას ეტყვისო. მივიდა იოანე კართან და ვინ არისო? - იკითხა. - ლოთი ვარ, შემიშვი სასუფეველში. - ლოთი ხარ და სამოთხეში შეშვებას ითხოვ? შენისთანებს აქ არ უშვებენ, - იოანემაც სასტიკი უარი უთხრა. - მერედა შენ ვინ ხარ, ჩემი შეშვება რომ არ გინდა? - ამასაც ჰკითხა ლოთმა. - მე იოანე მახარებელი ვარ, - უპასუხა კარს იქედან. - აა, იოანე მახარებელი ხარ? შენც გიცნობ, ძვირფასი სახარება დაგვიტოვე ადამიანებს დედამიწაზე. განა შენ არ წერ სახარებაში: „ირეკდით და განგეღოს თქუენ.... ითხოვდით და მოგეცეს თქუენ....“ რატომ ატყუებთ ადამიანებს? მაშ, ეს მოტყუება არ არის? ორი საათია ვაკაკუნებ და კარს არავინ მიღებთ. ახლავე თუ არ გაგიღიათ, მიწაზე დავბრუნდები და ქვეყანას მოვფენ, სახარებაში ტყუილები წერია-მეთქი, - მიახალა ლოთმა. - იოანე მახარებელი დაინტერესდა, ვინ დგას ასეთი კარს უკან, სამივე მოციქულს ხმა რომ არ ამოგვაღებინა. შეშინდა და კარი გაუღო. ასე მოხვდა ლოთი სასუფეველში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი