სიგიჟე
ხედავ? ლექსს გიწერთ, მე და ჩემი სიგიჟე ერთად ჩამომსხდარნი საუკუნეში, ოცდამეერთეში, სანთლის პირისპირ და ვკინძავთ მწუხარებისაგან ასო-ასო აქნილ გრძნობებს. თავდაყირა ჰკიდიან სიტყვები უხილავ თოკზე და ველოდებით, თუ როდის გახუნდებიან რომ დაკარგონ ბრწყინვალება; ჩვენ ხომ, მე და ჩემს სიგიჟეს, ასე ძალიან გვინდა... არ გვიყვარდე. ...უსაშველოდ ნელა ჩავიდა მზე დღეს, ნოემბრის ოცდარვაში და სადღაც, რომელიღაც კონტინენტიდან, თვალს აყოლებდნე მის დაბნელებას ცნობისმოყვარე უსაქმურები. ჰო, ჩავიდა და დატოვა ნისლი ისე გაშლილი, რომ აღარც კი იკითხება ღამე, ბუნდოვანი სიშიშვლე გაშეშებული ბუნებისა და მჩხიბაობა ლექსებით... ნეტავ, სიგიჟეა თუ არა მართლაც, სიყვარული ჭეშმარიტებისა, ან თუნდაც ვნება ამ სიყვარულისა, სისხლმდინარე, უჩინარი თვალებიდან, სულ რომ გიცქერენ ან იქნებ, მიცქერენ... და ახლა, ვზივართ, მე და ჩემი სიგიჟე ჩუმად, მისტიკანარევი სიმშვიდით და ვუთვალთვალებთ მეწამულისფერ ქვითინს შორს, თბილისის ბორცვებზე. 2012.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი