სისუსტე
ისევ ჩემს სიახლოვეს შეყოვნდა მზე და დადგა ქვეყნიერების კარიბჭესთან სასურველი სტუმარივით. მშვიდობა ჩადგა ჩემში რაღაც, სიკვდილისფერი, ის კი თეთრია, სულ ოდნავ რომ დაჰკრავს ფერფლისფერი. სიგარის გემო მემწარა და გამიკვირდა; ეს ხომ ჩემი სასიამოვნო სისუსტეა, ჩემი შანსი, რაც შეიძლება ღრმად ჩავიდე საკუთარი სულის ჩახლართულ საფეხურებზე კიბის ბოლომდე, რამეთუ, ბოლოსდაბოლოს, ვიპოვო იქ რასაც ვეძებ; არსს ჩემსას, მიზეზს, ჩემი დიდი სიყვარულისას. დამოუკიდებლობა სულის, ერთარსობა ორი სხეულის და უმადურობა გულისა, რომელიც მიყვარს, ძალიან მიყვარს და ამიტომაც თუ მოუცავს ყოვლისმომცველ უნუგეშობას ყოველივე ირგვლივ. შეჩერდი ზეცავ! ნუ მეჩურჩულები ვნებათა ვნებაზე ისეც ვნებულს გრძნობათა მთლიანობისაგან, ვერ გხედავ, რადგან დავბრმავდი და ვერ გისმენ, რამეთუ დამიხშო სმენა სიცრუემ სიყვარულისამ. ...ხვალ, ჩიტად ვიქცევი და გამოვფრინდები შენსკენ, აღარაფერი დამანაღვლიანებს უხორცოს და უგულოს, აღარ იქნება ტკივილი სისხლის... და მე ვიქნები, ყველაზე თავისუფალი სული სულთა შორის მანდ, შენში. 2013
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი