ჩემი იანვარი
იანვარში შენ მოხვედი თოვლად, ფანტელივით ჩამივარდი თვალში, შემიყვარდი უმიზეზოდ ყოვლად, და გამათბე ამ ცივ თებერვალში. მარტმა სულმთლად ამირია ფიქრი დამაყარა მე გრძნობების თქეში, შენ კი დადნი როგორც ბოლო ფიფქი აპრილში რომ დნება ხოლმე მთებში. ისევ გელი მე მაისის თვეში ცისარტყელებს როცა ვხვდები გზაზე, მკრთალად გხედავ იასამნის ფერში, ივნისის თვის მოკამკამე ცაზე. ივლისს თითქოს უკვე აღარც ველი, უშენობა ისევ კუდში დამსდევს, და გულს მიწვავს აგვისტოს მზე ცხელი, არ მეგონა გავუძლებდი ამდენს. სექტემბერში იქნებ შეგხვდე მაინც, იმედს მაძლევს ფოთოლცვენა ჭრელი, რომ უშველო ოქტომბრის თვის ამინდს, მომილოცო დაბადება ჩემი. ნოემბერიც მე უშენოდ დავთმე, დეკემბერიც მექცა შენზე ფიქრად, ჩემი დარდი იმედს ვეღარ მართმევს, იანვარში მოხვალ ალბათ ფიფქად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
1 კომენტარი
"კალენდრის სონეტი" გამახსენა მაგარია!