შემეძლო და ვერ შევძელი ..
როგორ მინდა ერთხელ მაინც გულწრფელად გესაუბრო, ისე თითქოს ღამეა და საკუთარ თავს ვესაუბრები... რატომ ღამე? იმიტომ რომ ღამე გულწრფელი და უკომპლექსოა... სხვა დროს საკუთარ თავსაც არ ვაძლევ ფიქრებზე დანებების საშუალებას, ღამე კი მოძალადეა, არ მეკითხება მინდა თუ არ მინდა ისე დამატეხს თავს განვლილ და გასავლელ ცხოვრებაზე ფიქრს. შენ არ იცი რამდენჯერ მიცდია მდინარე ცრემლების შეკავება, ძალიან ბევრი ტკივილი დამიფარავს ნაზი სითბოჩატეული ღიმილის დახმარებით, მაგრამ ვერავინ მიმხვდარა ჩემს რეალურ სახეს. შენ კი სწორედ ამ მიზეზით 'დამაფრთხე'... არ ცდილობდი მარტო კარგი დაგენახა ჩემში, ზუსტად იმ მხარეების ამოცნობა შეგეძლო რასაც საგულდაგულოდ ვმალავდი. და მაინც რას არ დავთმობდი ახლა წამითაც კი რომ ჩამახედა შენს თვალებში, თვალებში სადაც ჩახედვისას საპასუხო გრძნობის დანახვა მაშინებს. მაშინებს ის რომ ზუსტად ისეთს მიმიღებ როგორიც ვარ და ამას ვერ გაპატიებ. რა უცნაური ვარ არა? ხშირად მიფიქრია გიჟი ვარ თქო, მაგრამ გიჟები ხომ ბედნიერები არიან... ანუ არც ამაში არ გამიმართლა. იმდენად იშვიათად გწერ ხოლმე, იმდენად იშვიათად, რომ წერილიდან წერილამდე შეიძლება დაგავიწყდე კიდეც... მუდმივი ლოდინის რეჟიმში ვარ, ველოდები მაგრამ არ ვიცი რას, მინდა რომ ისევ ისეთი დავბრუნდე როგორმაც დაგტოვე მაგრამ ვერ შევძლებ... ვეღარასოდეს შევძლებ იმ ადამიანის დაბრუნებას რომელიც თავად მოვკალი. ნეტავ წარსულის საშლელი გამოიგონოს ვინმემ რამდენ რამეს წავშლიდი. საინტერესოა როდესაც შენზე ვფიქრობ რამეს გრძნობ? ხვდები რომ უმიზეზო ღიმილების მიზეზი ხარ? არ ვიცი... მხოლოდ ის ვიცი, რომ ერთ წვიმიან დღეს აუცილებლად ავდგები და ყველაფერს მოგიყვები... დღეს არ არის ეს დღე! (არც წვიმს.) ახლა არ მაქვს იმის ძალა, რომ ყველა გრძნობა გავაშიშვლო... ალბათ იმიტომ რომ იმ შეცდომების მეშინია, რომელიც დავუშვი ან რომელსაც აწი დავუშვებ. არვიცი. როცა შემომხედავ და მიხვდები, რომ ბოლო წვეთამდე შევიცვალე, რომ არაფერი შემომრჩა ძველი მესგან სწორედ მაშინ ვიქნები ყველაზე მეტად ნამდვილი "მე". . ერთადერთი რასაც ვნანობ ის არის, რომ შემეძლო, მართლა შემეძლო და ვერ შევძელი ... ✍ ჩუმი 'პოეტესა'
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი