ბე


ბებოს ხელებს რომლებსაც მთელი ცხოვრება არ შეუსვენიათ ბოლოს აღარ შეძლო, მოდუნდა და მოეშვა რაც უჩვეულო იყო მისგან, უფრო მეტი ეძინა ვიდრე ფხიზლად იყო, აღარც სახლიდან გადიოდა და თბილ ოთახში ბეღურასავით იყო... მთელი ცხოვრება ჩემს დაწოლას ელოდებოდა რომ თბილად შემოეკეცა საბანი ჩემთვის, ბოლო პერიოდში როლები შევცვალეთ, სანამ არ დაწვებოდა არ გავდიოდი ოთახიდან რომ მე შემომეკეცა საბანი მისთვის, ნერვიულობდა ყველა საქმე ერთიანად შემოგატოვე ბებიაო, წამოდგებოდა რომ დამხმარებოდა და ვუბრაზდებოდი, არაფერი არ მინდა ოღონდ დაჯექი და კარგად მყავდე თქო, მერე თვითონ მიბრაზდებოდა მკვდარი ხომ არ ვარ ადგილიდან არ გავინძრეო და თუკი სადმე გავიდოდი დამახვედრებდა რაც შეეძლო გაკეთებულს ...საოცარი ქალი იყო ბებიაჩემი, მზის მსგავსი, სადაც მიდიოდა ყველგან სითბო და სიყვარული მიჰქონდა, მართლა არავინ შემხვედრია მისნაირი... ალბათ უფრო კარგი შვილიშვილი ვიყავი ვიდრე შვილი, ვხედავდი როგორ ამაყობდა ჩემით და რაიმე სევდიანს თუ დავწერდი მიბრაზდებოდა ბებია ვინცხა იფიქრებს დატანჯული ქალი ხარ ნუ წერ ამნაირებსო, მეც ვუხსნიდი რომ რაც გულიდან მოდიოდა იმას ვწერდი, თავს გადააქნევდა იმის ნიშნად მაინც არ გესმის ჩემიო და აღარ მყვებოდა საუბარში, ბოლოს სულ მის გვერდით ყოფნას მთხოვდა, ვერ იტანდა ცოტახნითაც გარეთ, რომ გავდიოდი, რა ვქნა ბებია გიყურო მინდა ერხანს, მოგენატრები და ნახავ თუ არ ინანოო, მართალი იყო ახლა ყველა დაკარგულ წამს განვიცდი... ყველა აწეულ ტონს და ყველა არ ნათქვამ სიტყვას... მე არავინ მყავდა ამ ქალზე ძვირფასი, ვერავინ შეძლებს ეს დანაკლისი ამომივსოს, ყოველ წამს როდესაც მარტო ვრჩები გონებიდან არ ამომდის მისი თვალები და ხმა ... ათას რამეს ვედები, რომ როგორმე ნაკლები ვიფიქრო მის არ ყოფნაზე... საოცარი ქალი იყო ბებიაჩემი სიყვარულით და სითბოთ სავსე, ვინმეზე ცუდს ვერ დააცდენინებდი.... გულწრფელად ყველაფერს დავთმობდი მასთან ყოფნისთვის, ის ერთი წელი რაც მისგან შორს გავატარე მასზე ფიქრით თენდებოდა და ღამდებოდა, რომ შემეძლოს წამითაც აღარ დავტოვებდი. როდესაც გული რაიმე ცუდს მიგრძნობდა მაშინვე პირველი მასზე ვფიქრობდი, მეშინოდა... ყველაზე მეტად მისი დაკარგვის მეშინოდა ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი