მეგობარო


ციდან დაეშვი მეგობარო ბევრად მძიმეა,
მიწა რომელსაც დაუნდობლად გულზე გვაყრიან.
ჩვენ სულ მცირედი ღიმილი და სითბო გვჭირდება,
ირონია კი შეიხორცა ვინც ჩვენ გაგვრიყა.
ლექსებს ნუ დაწერ... 
ამაოა ყველა მცდელობა,
მხოლოდ ტკივილი აწერინებთ სევდისფრებს ლექსებს.
ის ერთადერთი მივატოვე ვინც მე მელოდა
და აღარ ვიცი სამომავლოდ წერას თუ შევძლებ.
წერა სევდაა... 
ტკივილია,
ძახილი სულის,
სულის რომლის ხმაც მუდამ დუმს და ვერაფერს ამბობს.
წვიმამ ვერაფრით ჩამომრეცხა ცოდვათა ჭუჭყი
და ერთადერთ ხსნად ველოდები ზეცისგან ამბორს.
დღეს მეც ყალბი ვარ მეგობარო, 
თვალს ვერ გისწორებ,
ყალბი ვარ რადგან შენთანაც კი არ მაქვს საერთო.
ყველა ნაბიჯით ნაწილ-ნაწილ ჩემთან გიშორებ
და უშენობა ობოლივით სულზე დამეტყო.
მაგრამ ვერ ვტყუი,
ვერ ვამბობ, რომ ისევ კარგად ვარ,
შენ კვლავ ჯიუტად არ მტოვებ და სევდას არ მაცდი.
მე ჩემი წილი უშენობა ფურცლებით დამაქვს 
და ეს ფურცლებიც მოვა დღე რომ თავადვე დამსჯის.
ასეა ჩემო ძვირფასო და გულთა ზიარო,
წერა "ხიხია",
ნუ მიიჩვევ ფურცლებს და კალამს.
თუკი ოდესმე კვლავ ისურვებ რამე მიამბო
არ დამიჯერო გეხვეწები, რომ დრო კვლავ არ მაქვს. 
დამაძალე რომ მოგისმინო, 
რომ მემსგავსები,
რომ გეზიზღება შენი თავი ტკივილის ფონზე.
რომ ასე ცივი და უგრძნობი მე გებრალები,
შენ კი არ გინდა სიცოცხლეში ჩემსავით მოკვდე. 
და მე თავს დავხრი,
ტკივილიან ცრემლებს დავფარავ, 
შემრცხვება გითხრა რომ ძლიერი აღმოჩნდი ჩემზე.
ერთს გთხოვ მუზას ნუ მოიყენებ გრძნობის დარაჯად,
თორემ ფურცლებთან განშორებას ვერასდროს შეძლებ.

წერა სევდაა...
ტკივილია... 
ბევრი ვერ იგრძნობს,
არ დამემსგავსო გევედრები გულთა ზიარო.



ჩუმი 'პოეტესა' • გვანცა კომახიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი