უცხო ხმა


ეს უცხო ხმაა.... 
მოვყვები და სად ვარ არ ვიცი,
დასასრულია... 
სასრულია
და ცაც სრულიად 
გამიშავთეთრდა... 
გაიცრიცა ,
ემსგავსა ფიცარს
რაზეც სულ ყველა დიამეტრი დაკაწრულია. 
ეს ჩემი გზაა,
ჩემი ხმაა,
ჩემი სულია,
მე სადღაც შორს ვარ
და ეს ალბათ
დასასრულია.
ყოველი დილა,
ყველა ღამე მკბენს...
მკბენს და მკაწრავს,
მივდივარ წინ და წასასვლელიც არსაით არ მაქვს... 
და ვფერმკრთალდები,
ვუძლურდები,
ფეხები მიხურს, 
სისხლიან ნახველს 
კვლავ თამბაქოს სუსტ კვამლს ვაბრალებ, 
დილით ოთახში გაღვიძებულს სიცოცხლე მიწუხს,
ყოველღამ ვძერწავ გახუნებულ სულის ქარაგმებს.
მე ეს გზა მიყვარს ... 
მიყვარს როცა არავის ველი
და ეს ხმაც ვფიცავ შენს მოსვლას ჰგავს 
- ნუ დაბრუნდები!
მე ვიცრიცები, ვხუნდები და მეცვლება ფერი 
და ერთ დღეს ვიცი 
უსათუოდ დამიბრუნდები.
მაგრამ მე ალბათ დაძონძილი მეცმევა სული,
ვეღარც კი მიცნობ, ჩემს თვალებში ვერც შენს თავს ნახავ.
ნაცნობებს ირგვლივ შემორჩენილ ღიმილებს ვუცვლი
ტკივილზე და კვლავ აღარ ვიცი ვინ ვარ და რა ვარ. 
ვინ ვარ და რა ვარ 
ან სადა ვარ,
ოცნებაც არ მაქვს...
ვერც იმ წუთებს ვერ გავიხსენებ, როცა ვიღიმი.
იმდენად ჩუმი, უსიცოცხლო ფიქრები დამაქვს
მეზედმეტება მარტო მყოფსაც სევდა ქვითინით.
და მე ვიცინი
მაშინ როცა მტკივა ძალიან,
და მე ვიცინი 
როცა ზეცა მიწად წევს ფეხთან.
ჩემი ცხოვრება ისეთივე დიდი ფარსია,
როგორიც ჩრდილი გათენების პირთან რომ ქრება. 
და ეს გზა მიყვარს, 
ნუ მომბაძავ
ეს ჩემი გზაა ...
ეს ჩემი გზაა,
ჩემი ხმა 
და 
ჩემი სულია,
ბოლოს კი სადაც წერტილების სამ შერწყმას ნახავ,
ეს მხოლოდ სულის ამოხეთქვის დასასრულია...

შენ შეწყვეტ კითხვას -
მე ვერასდროს ვერ შევწყვეტ გლოვას.
შენ იწყებ წერას -
მე ვსრულდები სამი წერტილით.
ერთ დღეს ისევე უცნაურად და ჩუმად მოვალ 
როგორც წავედი
და 
ვერასდროს ვეღარ შემიცვლი.


ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი