შენ მკვლელი ხარ და მე მოკლული


ღამეა ურჩი...უჩვეულო... ცოტაც თავნება,
ვარსკვლავებს თითქოს უსინათლო მხატვარი ხატავს.
დღეს მთვარე ისე გაიტრუნა ზეცას გაებნა,
მე ვერ გავჩუმდი... რეალობას კვლავ ჩემებრ ვსახავ.

სევდისფერ ლანდებს აჩრდილივით ვუფრთხი და ვშიშობ,
რომ ჩემი ლოცვა არ ეყოფათ ჩიტებს საფრენად.
ცოდვის სურნელის სხეულიდან მოგლეჯას ვცდილობ,
მე ვერ შევძელი წმინდა სულის ხორცით ტარება.

მივდივარ წინ და ფეხს კვლავ ვიკრავ უკუღმართ ბედზე,
წიგნად ცხოვრების ფრაგმენტები ჯერ ვერ ავკინძე.
მაშინებს ის, რომ ვიყიდები ერთ კაპიკ ვერცხლზე,
მყიდველიც არ ჩანს... ვის რად უნდა სევდის საკინძე.

გავა ეს თვეც და გადაიტანს ფიქრებს აპრილი,
მარტის სიგიჟეს ჩემთან ერთად დახვდება მედგრად.
ამგვარ ყოფისგან ჩამქვრალი და გრძნობა დაცლილი,
გვირაბის ბოლოს მანათობელ შენს თვალებს ვხედავ.

დუმილი შეწყდა... საიდუმლოს ვუხსნი ამ ღამეს,
მხატვარსაც ვატყობ მთელი ღამის გადაშლა სურდა.
ლექსს გიწერდი და შენი თავი იმ მთვარეს ვანდე,
ზეცას რომ მოწყდა სიყვარულის პატარა გუნდად.

არ მინდა თვალებს ვაცეცებდე ცრემლიან მზერით,
და კალენდრიდან ამოგხიო ჩაწერის ნაცვლად.
ვფიქრობ და მწველი მოეშმაკო მაცდური ცქერით,
შენ მკვლელი ხარ და მე მოკლული... ასეა ალბათ.

ჩუმი 'პოეტესა'

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი